პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას, რა წესითაც გუშინ მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება მოხდა.
მისივე თქმით, მან არ იცის რამდენად საფუძვლიანია იუსტიციის საბჭოს პრეტენზიები ახვლედიანის მიმართ, მაგრამ ყველა მათგანი აბსოლუტური ჭეშმარიტება რომც ყოფილიყო, საბჭოს მაინც არ შეეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც გუშინ მიიღო.
"საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ საბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში, არღვევს კანონს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში, არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით და ყველაზე უკეთ იმას, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები, თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ხელეწიფება რეფორმების გატარება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ ორგანოს ძირეული რეფორმა. ჩვენ ვგულისხმობთ საკანონმდებლო რეფორმებს, რომლებიც არ მისცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში ისეთი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, როგორიც აქამდე მიიღეს. მათ დაარღვიეს საკუთარი კრიტერიუმები და იმედი გვაქვს, რომ კანონის დონეზე როცა გაიწერება ეს კრიტერიუმები, კანონს მაინც ვერ დაარღვევენ. ასევე გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კანონით შეიძლება უფრო ნათლად გაწერა პროცედურების, რომ საბჭოს არ დარჩეს საკუთარი ინტერპრეტაციის მოხდენის საშუალება", _ აღნიშნა კოჟორიძემ და დასძინა, რომ კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს კონკრეტულ სანქციებს მსგავს კანონდარღვევებზე ან ითვალისწინებს იმას, რომ თვითონ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოახდინოს რეაგირება, თუმცა ვარაუდობს, რომ საბჭოს წევრები "საკუთარ თავს არ დასჯიან".