პრეზიდენტის რეზიდენციაში 27 თებერვალს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ჩანიშნული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია, საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.
სხდომის მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.
"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
"ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები", – აცხადებენ უშიშროების საბჭოში.





































































