ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის ვერდიქტს სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელობა რამდენიმე დღეში გამოიტანს.
საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით წულაძის თქმით, ბაღის თანამშრომლებმა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უყურადღებოდ დატოვეს აღსაზრდელები და ჩაერთნენ დასუფთავების აქციაში, რომელსაც ორგანიზებას სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ტაბიძე უწევდა: "ცენტრის დირექციის ბრძანებით, ნიგვზიანის ბაგა-ბაღის ხელმძღვანელსა და მის ორ თანამშრომელს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, სამუშაო საათების პერიოდში სამსახურის თვითნებურად მიტოვებისათვის. ამ ეტაპზე სამივე მათგანი პირობით იქნა დატოვებული სამსახურში. ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის საკითხს უახლოეს ხანში განიხილავს ცენტრის ადმინისტრაციული საბჭო", _ ასეთია სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
თუმცა, თავად ბესო ტაბიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს მან ბაღის თანამშრომლები დასუფთავების აქციაში ჩართო: "საბავშვო ბაღის არც ერთი თანამშრომელი არ მონაწილეობდა დასუფთავების ჩემ მიერ ორგანიზებულ აქციაში. მასში ჩართულები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ბაღის აღსაზრდელთა მშობლები. ეს რომ ასეა, ამაში მთელი სოფელი დამერწმუნება. ისე, თუ ბაღის დამლაგებელმა საკუთარი ეზო დაასუფთავა, მგონი, ამისთვის მას საყვედური არ უნდა გამოუცხადონ. ნამდვილად ვიცი, ვინ რას უნდა აკეთებდეს და სად უნდა იყოს სამუშაო საათებში. ვიმეორებ, რომ ბაღის თანამშრომლებს ამ აქციაში მონაწილეობა არ მიუღიათ", _ ამბობს ტაბიძე.
აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში, ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, როცა ცენტრის ადმინისტრაცია ბაგა-ბაღის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს _ გასული წლის ივნისში, მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში თანამშრომლებს შორის საკმაოდ გახმაურებულ კონფლიქტი იყო, რასაც შედეგად კონფლიქტში მონაწილე ოთხივე პირისა და ბაღის ხელმძღვანელის სამსახურიდან გაშვება მოჰყვა.
იმავე 2015 წელს, ოქტომბერში, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სამსახურიდან გაათავისუფლეს ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხაჯალიის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი, ექთანი და მზარეული. მაშინ ცენტრის მიერ თანამშრომელთა გაშვების მიზეზად კვების პროდუქტის შენახვის ნორმების უხეში დარღვევა დასახელდა.