საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"კრიმინალი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად. მართლმსაჯულებას ვერც ბუკაზე თავდამსხმელი გაექცევა. რა ცინიზმია ახლობლების საფლავებზე მისულ ადამიანებზე თავდასხმა…. ძალიან აღშფოთებული ვარ.
მე ბუკას რეჟიმთან ბრძოლის პერიოდიდან ვიცნობ და ვმეგობრობ, ამიტომ ორმაგად მძიმე იყო იმის გაგება რაც მოხდა.
ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და ვისურვებ დამნაშავის უსწრაფესად დაკავებას", _ წერს კალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
"მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.
ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში
































































