საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს და განახორციელებს.
პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბახმაროს მსგავსი კურორტების პოტენციალის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის ფარგლებში გახორციელდება საკურორტო ზონისკენ მისასვლელი საავტომობილო გზების მდგომარეობის შესწავლა, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მშენებლობის საჭიროებების განსაზღვრა; წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შექმნა; გზებზე მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზების, ზვავსაშიშროებისა და ქარის ნაკადების კვლევა; საკურორტო ზონის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების პროექტების შედგენა და განხორციელება; საკურორტო ზონაში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება და სრულყოფა; ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარების გეგმა-კონცეფციის შემუშავება".
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კურორტების პოტენციალი იქნას ბოლომდე ათვისებული, ვინაიდან ტურიზმი გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სტარტეგიული დარგი".
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გაურკვეველია ბახმაროს სტატუსი. ამ თემით დაინტერესება "გურია ნიუსმა" 2015 წლის ივნისში იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა და პირობაც მიიღო.
ბახმაროში არსებულ პრობლემებზე, რომელიც გარემოს დაცვის კუთხითაა, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი 2015 წლის მაისში ჩავაყენეთ.
აგულაშვილს შვეიცარიელი ექსპერტების მიერ 2007 წელს მომზადებულ დასკვნაზეც ვუამბეთ, რომლის თანახმადაც ბახმაროში აუცილებელია სანიტარული ჭრები. ამ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნაძვები დაავადებულია და აავადებს ამონაყარ ტყეს.
პრობლემის შესწავლის პირობა აგულაშვილისგანც მივიღეთ და როგორც გვითხრეს, ბახმაროში საკურორტო ზონის განვითარების ხელშემწყობ სამთავრობო კომისიაში გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ.
უნდა ითქვას ისიც, რომ ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგშია შეტანილი.
"მხარეები ითანამშრომლებენ რათა: უკეთ გამოიყენონ მათი რეგულარული დიალოგი, თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით; გააძლიერონ კონკურენტუნარიანი და მდგრადი ტურისტული ინდუსტრიის განვითარება; ხელი შეუწყონ და განავითარონ ტურისტული ნაკადები, პროდუქცია და ბაზარი, ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსები, ინსტიტუციური სტრუქტურები და ეფექტიანი პოლიტიკა; განაგრძონ საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა და ცოდნის ზოგადი გაზიარება, ტრენინგები და განათლება ტურიზმის სფეროში", _ ვკითხულობთ დოკუმენტში.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის შეიქმნება კომისია და როდის დაიწყება ბახმაროს განვითარებაზე აქტიური მუშაობა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დავალებით, TC/Design Workshop-სის სამუშაო ჯგუფმა ბახმაროს განვითარების გეგმა ჯერ კიდევ 2009 წელს შეადგინა და ამაში საკმაოდ სოლიდური თანხებია გადახდილი.