სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებისგან ინტეგრირებული დაცვის სისტემაში ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტია ბრძოლის ქიმიური მეთოდი. აღსანიშნავია, რომ პესტიციდების არასწორი მოხმარება დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს, ამიტომ საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დაცული იქნას უსაფრთხოების შესაბამისი ინსტრუქცია.
პესტიციდების გამოყენების შედეგად მაქსიმალური ეფექტის მიღებისა და მათი უსაფრთხო მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა ფერმერმა იცოდეს პესტიციდის სწორი შერჩევის, შენახვისა და გამოყენების წესები. ასევე, ფერმერისთვის აუცილებელია, მას ჰქონდეს ინფორმაცია პესტიციდით მოწამვლის თავიდან აცილების და მოწამვლის შემთხვევაში მისაღები აუცილებელი ზომების შესახებ.
ამ თემაზე გვესაუბრება საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის თავმჯდომარე ანდრო ხეთერელი.
_ საჭირო პესტიციდის შერჩევისას, აუცილებელია შესაბამისი დარგის სპეციალისტისთვის ფართობზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად ზუსტი მიწოდება, რის შემდეგაც სპეციალისტი გადაწყვეტს, რომელი პესტიციდის გამოყენებაა საჭირო და რა დოზებით. ასევე, პესტიციდის შერჩევისას საჭიროა განისაზღვროს, გამართლებულია თუ არა მის შესაძენად საჭირო ხარჯის გაწევა. ანუ რა უფრო მომგებიანია _ ქიმიური წამლობის ღირებულების გაღება და ამით მოსავლის გაუმჯობესება თუ თანხის დაზოგვა წამლობაზე და შედარებით ნაკლები მოსავლის მიღება. პესტიციდის შეძენა აუცილებელია მოხდეს მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში. შეძენისას საჭიროა გათვალისწინებული იქნას შემდეგი ფაქტორები:
1. ტარა (ჭურჭელი), რომელშიც მოთავსებულია პესტიციდი, აუცილებლად ჰერმეტულად უნდა იყოს დახურული;
2. ჭურჭლის სახურავს უნდა ჰქონდეს ხელუხლებელი დამცავი რგოლი;
3. პესტიციდის ტარაზე აუცილებლად უნდა იყოს მიკრული ქართულ ენაზე შედგენილი ეტიკეტი, სადაც მითითებულია: პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივთიერება და კონცენტრაცია, უსაფრთხო გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები, ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.
4. დაუშვებელია უეტიკეტო, საცობდაზიანებული, საეჭვო ჭურჭელსა თუ ტარაში მოთავსებული პესტიციდის შეძენა. ეს ზრდის ფალსიფიკაციის რისკს, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება ან უარყოფითად იმოქმედოს ადამიანისა და შინაური პირუტყვის ჯანმრთელობაზე
5. პესტიციდის შეძენისას, ფერმერმა უნდა მოითხოვოს მისთვის გასაგებ ენაზე შედგენილი პესტიციდის გამოყენების რეკომენდაციები გაეცნოს მათ და მაქსიმალური სიზუსტით დაიცვას იქ მოცემული უსაფრთხოების ზომები;
6. სასურველია, მოხდეს პესტიციდის იმ რაოდენობით შეძენა, რამდენიც საჭირო იქნება კულტურის ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებლად. ამით ფერმერი თავიდან აიცილებს ჭარბი და ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობას.
პესტიციდების შენახვის შემთხვევაში აუცილებელია, დაცული იქნეს შესაბამისი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უვარგისი გახდება მოხმარებისათვის. შენახვის წესები _ ტემპერატურა, ტენი, სინათლის გავლენა პრეპარატზე, აალების საშიშროების არსებობა _ მოცემულია პესტიციდის ტარის ეტიკეტზე. პესტიციდების შენახვა საჭიროა კვების პროდუქტების, მედიკამენტების, ცხოველთა საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებებისგან განცალკევებით, გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ, კარგად განიავებად, დახურულ შენობაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ადამიანებისა და ცხოველებისგან მოშორებით! დაუშვებელია პესტიციდების შენახვა საკვები პროდუქტების და სასმელების ჭურჭელში, ბოთლებში.
პესტიციდების გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს, დაკვირვებას და ცოდნას, რადგან მათი არასწორი გამოყენება დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ზედმიწევნით ზუსტად იქნეს დაცული პესტიციდებთან უსაფრთხო მოპყრობის შემდეგი წესები:
1. ქიმიური წამლობების დროს რეკომენდირებულია ისეთი სპეციალური ტანსაცმლის გამოყენება, რომელიც მაქსიმალურად ფარავს სხეულს;
2. აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების _ რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, თავსაბურავის, სათვალის, რესპირატორის გამოყენება;
3. წამლობა საჭიროა ჩატარდეს მხოლოდ უქარო ამინდში, დილის ან საღამოს საათებში;
4. დაუშვებელია ქიმიურ პრეპარატის (ფხვნილის, ხსნარის) შეხება დაუცველი ხელებით;
5. აკრძალულია წამლობის დროს პესტიციდით დაბინძურებული ხელებით სიგარეტის მოწევა, საკვებისა და სასმელის მიღება;
6. სამუშაოს დამთავრების შემდეგ დაბინძურებული ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს ჩვეულებრივი სარეცხისაგან განცალკევებით და მოხდეს მისი შენახვა;
7. დაუშვებელია პესტიციდის ცარიელი ტარის გამოყენება შემდგომი მოხმარებისთვის, აუცილებელია მისი დახვრეტა და ღრმად ჩამარხვა სპეციალიზირებულ ამოცემენტებულ ორმოში. ქაღალდის ან მუყაოს ტარის შემთხვევაში, საჭიროა შესაფუთი მასალის დაწვა. გასათვალისწინებელია, რომ ძალიან სახიფათოა დაწვისას წარმოქმნილი ბოლის შესუნთქვა;
8. წამლობის დასრულების შემდეგ, საჭიროა გამოყენებული შემასხურებელი აპარატურის გულდასმით გარეცხვა და ნარეცხი წყლის გახარჯვა დამუშავებულ ნაკვეთში;
9. ყოვლად დაუშვებელია გამოყენებული პესტიციდების ტარისა და ნარჩენების, აგრეთვე, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდების უკონტროლოდ გადაყრა (გადასხმა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებში, წყალსატევებში (მდინარე, ღელე, ხრამი, ტბა, ჭაობი), ბუნებრივ ველ-მინდვრებსა და ტყეებში. პესტიციდების ნარჩენები და ცარიელი ტარა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სპეციალიზირებულ დროებით საცავებში!
პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში გასატარებელი ზომები:
პესტიციდის ორთქლის შესუნთქვის შემთხვევაში საჭიროა დაზარალებული მოარიდოთ სამუშაო ადგილს, გაიყვანოთ სუფთა ჰაერზე, და მიმართოთ ექიმს;
კანზე მოხვედრისას პესტიციდების უმრავლესობა სწრაფად შეიწოვება, ამიტომ აუცილებელია დაბინძურებული კანის დაუყოვნებლივ ჩამორეცხვა გამდინარე წყლის ჭავლით;
პრეპარატის თვალში მოხვედრისას ექიმის მოსვლამდე აუცილებელია თვალის გამორეცხვა 10 წუთის განმავლობაში გამდინარე წყლის ჭავლით;
პესტიციდის გადაყლაპვის შემთხვევაში, დაზარალებულმა შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად. დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება, როდესაც ადამიანი იმყოფება უგონო მდგომარეობაში; პესტიციდის ტარის ეტიკეტი აუცილებლად უნდა გადაეცეს ექიმს! რათა დადგენილ იქნას შესაბამისი ანტიდოტი.
საჭიროა გვახსოვდეს!
პესტიციდების გამოყენება მოითხოვს შესაბამის ცოდნას, სიფრთხილეს და უსაფრთხოების წესების სრულად დაცვას, რათა თავიდან იქნეს არიდებული სხვადასხვა სახის გართულებები.