თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძის ოჯახი სამი ბინის და ორი მსუბუქი ავტომობილის მფლობელია. ამის შესახებ მიქაუტაძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 4 თებერვალს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, მიქაუტაძე თბილისშიმდებარე სამ ბინას ფლობს – თამარაშვილის ქუჩა #13-ში მდებარე ბინის ფართობი 247.95 კვ.მ-ია, ხოლო დოდაშვილის მოედანზე მდებარე ბინების საერთო ფართობი 116 კვ.მ-ია.
გარდა ამისა, მიქაუტაძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES-BENZ ML 350 (გამოშვების წელი 2006), ხოლო მისი მეუღლე მაია კვირიკაშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანა nissan juke-ს.
რაც შეეხება მოსამართლის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას მის საკრედიტო ანგარიშზე „რესპუბლიკა ბანკში“ მხოლოდ 7 ლარი ირიცხებოდა.
დეკლარაციაში არაფერია ნათქვანი მისი მეუღლის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით.
ოჯახის წლიური შემოსავალი კი, 115 039 ლარი იყო. აქედან, გიორგი მიქაუტაძემ თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლის პოსტიდან 74962.00 ლარი აიღო, ხოლო მაია კვირიკაშვილმა საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან 40077.00 ლარის შემოსავალი.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი მიქაუტაძეს უძრავი ქონების უზრუნველყოფით 2014 წლის 25 სექტემბრიდან (ხელშეკრულების ვადის ამოწურვა – 18/09/2018) 25000.00-დოლარიანი სასესხო ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის პროცენტის დასაფარადაც 2015 წელს 7548.00 ლარი გადაიხადა.
ხოლო 6 200.00-დოლარიანი სესხის (ხელშეკრულების ვადები 24/11/2015, 24/11/2015 – 25/11/2019) პროცენტის დასაფრად კი, 163.00 დოლარის გასავალი ჰქონდა
აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძეს დოდაშვილის მოედანზე მშენებარე ბინა, რომლის საერთო ფართობი 116.00 კვ.მ-ია, 2014 წელს შეუძენია. მშენებარე ბინის საფასურად კი დეკლარაციაში 64 000.00 დოლარია მითითებული.
რაც შეეხება მოსამართლის შემოსავლებს, დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ მისი შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა.
მაგალითად, 2011 წელს, როდესაც მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი სკოლა მსმენელი იყო, შემოსავლის სახით 9200.00 ლარი აქვს მიღებული;
2012 წელს, მისმა შემოსავალმა თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლის თანამდებობიდან 45635.00 ლარი შეადგინა;
2013 წელს გიორგი მიქაუტაძის შემოსავალი 48100.00 ლარი იყო; 2014 წელს – 72967.00 ლარი, ხოლო 2015 წლის შემოსავალი – 74962.00 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე 1982 წლის 06 სექტემბერს თბილისში დაიბადა.
2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2006 წელს მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად.
2006-2010 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად.
2010 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.
2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2011 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე დღეს აირჩია. მიქაუტაძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 1 წევრი – ვახტანგ მჭედლიშვილი.
მიქაუტაძის კანდიდატურა საბჭოს წევრებს საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ 29 თებერვალს წარუდგინა.
ამავე თემაზე:
ჩაიდინა თუ არა დანაშაული თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯომარეობის კანდიდატის გახმაურებული საქმეები
გიორგი მიქაუტაძე ღირსეული ადამიანია – ლევან მურუსიძე
მას შეუძლია იყოს სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე – გვენეტაძე მიქაუტაძის არჩევაზე