ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის. ე.წ. "ეწერისა და გოგიეთის" უბნის მცხოვრებლები "გურია ნიუსთან" სოფელში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობენ. ადგილზე მათივე თხოვნით მივედით. "
ეწერი- გოგიეთი" მაკვანეთის ცენტრიდან 2 კილომეტრით არის დაშორებული. იქ 120 ოჯახი ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ უამრავი პრობლემა აწუხებთ _ არ აქვთ წყალი, არც გაზის შეყვანის პერსპექტივა არსებობს და ყველაზე მთავარი რისთვისაც შეიკრიბნენ არის უშუქობა. ისინი ამბობენ, რომ 21-ე საუკუნეში აღნიშნულ უბანს ახალი წლის დღეებში არ ჰქონდა შუქი, არ აქვთ წყალი. ერთადერთი, რაც აქვთ, არის გზა, თუმცა, მათივე თქმით, ეს ხელისუფლებას არ გაუკეთებია _ გზა ამავე უბანში მცხოვრებმა ლოტბარმა ანზორ ერქომაიშვილმა დააგო.
გია ჭეფხოძე: "მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს დენის პრობლემა. კი, ბატონო, ხაზებია ჩაწყვეტილი, მაგრამ ყოველთვის, გამუდმებით, შეიძლება დენის გათიშვა თუ პატარა სიო ამოვარდება, ან გაწვიმდება, აბა ქარიშხალის და თოვლის დროს ჯვარი წერია, რომელ საუკუნეში ვართ, გაგვაგებინონ! ახალ წელს რომ უშუქოდ შეხვდები, თან 10 დღე, ესაა ცხოვრება?
მარინა მარგალიტაძე: "სანთლის შუქზე გაგვატარებინეს ახალი წელი, რა აქვთ გასასამართლებელი მაგათ?! 29 დეკემბერს რომ გაითიშა შუქი, 6 იანვარს მოვიდა, ამ დროს ორი მიცვალებული გვყავდა კუთხეში. 21-ე საუკუნეში წყალი არ გვაქვს. რა უნდა გვითხრან საერთოდ!
ვახო კირთაძე: "ხელისუფლების ვებგვერდზე რომ ყველაფერი პოზიტიური დევს, რატომ ერთხელაც არ აღნიშნეს, რომ მოსახლეობას უჭირდა ახალ წელს და შუქი არ ჰქონდა? პირიქით, აშუქებდნენ, რომ პრობლემა მოგვარებული იყო, იტყუებოდნენ. შეიძლება, ღრუბლის გამოჩენისთანავე შუქი გათიშონ? როცა თბილისში, სამინისტროში დავრეკე, მითხრეს, რომ "ენერგო-პრო ჯორჯია" არის კერძო კომპანია და მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვთ და თუ პირადული გვაქვს რამე, სასამართლოში ვუჩივლოთ. გვაინტერესებს, ინტერნეტისა და სატელევიზიო არხების გადასახადს რატომ გვახდევინებენ! თან ასეთ ტყუილს როგორ ამბობენ, რომ დილით 6 საათზე გეგმური სამუშაოები მიმდინარეობს და იმიტომ არის შუქი გამორთული. გვითხრან, რომელი სახელმწიფო სტრუქტურა ან უწყება იწყებს გეგმურ სამუშაოს დილის 6 საათზე? 31 დღეში, რომ 10 დღე შუქი გათიშულია, ამხელა გადასახადი რატომ მოგვივიდა? იანვარში ყველამ ორჯერ მეტი გადასახდი გადავიხადეთ, რატომ, გეკითხებით? არ შეიძლება ამაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროთ?"
ელგუჯა მსხალაძე: "ნაციონალებს" რომ აგინებენ ყველაფერში, თვითონ რა გააკეთეს უკეთესი? ერთ ფაქტს გეტყვით: სოფელში, ზევით, 40 წელია გვაქვს წყალი გამოყვანილი, ეს ჩვენი გაკეთებულია. ამ ბოლო დროს წყალი აღარ მოგვეწოდება, ამორტიზირებულია უკვე ყველა მილი. როგორც ჩვენ ვიცით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილი იყო თანხა. ავზში წყალი არაა, მის შეღობვას დაახარჯეს 10 000 ლარი, წყალი კი არ მოდის. რას ნიშნავს ეს? მაკვანეთში წყალი საერთოდ არ არის, არც სკოლას აქვს და არც _ ბაღს. ვიღაცამ ისიც თქვა, სათხილეს იშენებენ იქ და იმიტომ შეღობესო. რას გაიგებ?! ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია. ჯერ წყალი გააკეთე, ჩავიდეს "ბასეინში" და მერე შეღობე! გაზი როდის გვექნება, ვინ იცის? ერთი გზა გვაქვს, 4 წელია რაც გაკეთებულია. ეს ანზორ ერქომაიშვილმა გააკეთა, ხელისუფლება ამას ვერ მიიწერს!"
მაკვანეთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ უკვე ხელისუფლების მიმართ უიმედობა გააჩნიათ.
ბიძინა ცეცხლაძე: "რა უნდა გითხრათ? ვინ უჯერებს ხალხს? შიდა გზები არის ცუდ მდგომარეობაში, აქ ბევრი პრობლემაა. ხალხს ვინ უსმენს?! ჩვენ მარტო არჩევნებზე ვახსენდებით, იმედი დაკარგული გვაქვს. ახლა კი ვისწავლეთ ჭკუა, მაგრამ მივაღწევთ კი არჩევნებამდე?"
აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწემ სოფელ მაკვანეთში შორენა ონიანმა ისაუბრა:
"წყალთან დაკავშირებით პრობლემაა, მაგრამ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ეს ჩვენ დროს არ გაკეთებულა, არც ხარჯთაღრიცხვა გვინახავს, არ ვართ პასუხისმგებელი პირები მაგასთან დაკავშირებით. არც "სოფლის მხარდამჭერი პროგრამით" გაკეთებულა, ვიცი, რომ წელს კეთდებოდა, როგორც ვიცი, ერთ-ერთი შპს აკეთებდა, მაგრამ ვისი დავალებით და თანხები საიდან იყო მოძიებული, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. გადმოცემით ვიცი, რომ შეიღობა და გაიწმინდა ნალექისგან., მაგრამ წყალი მოსახლეობას არ მიეწოდება. იმ უბნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საჩივარი არის დაწერილი ამასთან დაკავშირებით. თუ ფული დაიხარჯა ისე, რომ მოსახლეობას თავის საკეთილდღეოდ არ მოხმარდა, ჩვენ რა უნდა ვთქვათ? იჩივლონ, კაცო, და მოძებნონ დამნაშავე პირები. მე მოვიწონებ, პირიქით", _ამბობს ონიანი.
რაც შეეხება დენთან და გაზთან დაკავშირებულ პრობლემებს, წარმომადგენლის თანაშემწე მოსახლეობას ამაშიც ეთანხმება.
"დავეთანხმები მოსახლეობას და კონკრეტულად მაგ უბანს, რომ დენთან და გაზთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარებელია. გაზი 2016 წელსაც არ არის ჩასმული, 5 სოფელია დარჩენილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და ერთი დაბა, სადაც 2016 წელს გაზიფიცირება არ მოხდება და მათ შორისაა სოფელი მაკვანეთიც", _ ამბობს შორენა ონიანი.
რამდენი ლარის ღირებულებისაა პროექტი, რა სამუშაოებს ითვალისწინებდა და არის თუ არა წყალში გადაყრილი ავზის შეღობისთვის დახარჯული ფული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მაკვანეთში, სოფელ გოგიეთში წყლის სათავეზე ჩატარებული სამუშაოების პროექტის ღირეულება 8 639 ლარს შეადგენს: "პროექტში ეწერა ის, რომ ჩატარებულიყო გაწმენდითი სამუშაოები, ღირებულება 8 639 ლარია, მაქ ისეთი ამბები იყო, აუცილებლად უნდა გაწმენდილიყო. უნდა შეეღობათ კიდეც და ამიტომ ჩაატარეს გაწმენდითი სამუშაოები, რას ჰქვია წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას?! წყალი მიეწოდებათ თუ არა, მაგას ვერ გეტყვი, რადგან მე ახლა გამოსული ვარ სამსახურიდან, როგორც კი მივალ გავარკვევ და შეგატყობინებთ", _ გვითხრა აბაშმაძემ.