საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქზე საკმაოდ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს და "ზოგიერთ ღვთისმსახურს" მოუწოდებს, რომ ისტორიული შენობა "ნაციონალური მოძრაობის" შტაბად არ აქციოს:
_ ალო, ოზურგეთი, გურია!!!
არ ასვენებს გამჩენი ზოგიერთ შატალოზე მყოფ პარლამენტარს, არც ყოფილი გუბერნატორების ზოგიერთ ყოფილ მოადგილეებს და წარმოიდგინეთ არც ზოგიერთ ღვთისმსახურს, ყველას სიყვარულს რომ იტევს გულში, მას რომ კითხო.
იმედია მაგ ისტორიულ სასახლეზე, რომელიც ერმა დიდსულოვნად დაგითმოთ ნაცმოს საარჩევნო შტაბის აბრას არ გამოაკრავთ და შიგნით მართლა შტაბს არ გამართავთ. დანარჩენს მოვუვლით და შეცდომებს აღარ დავუშვებთ, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კვაჭანტირაძე.
კვაჭანტირაძემ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სტატუსის განმარტება არ ისურვა _ მან არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც სმს შეტყობინებებს.
თუმცა, როგორც "გურია ნიუსმა" დაადგინა, საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ, გურიის ყოფილ გუბერნატორ რამაზ ნიკოლაიშვილზე, გურიის მთავარეპისოპოსზე მეუფე იოსებზე და გურიის გუბერნატორის ყოფილ მოადგლეზე ლელა თავართქილაძეზე.
როგორც გვითხრეს, ნიკოლაიშვილი ამ წუთებში, ოზურგეთში, მეუფის რეზიდენციაში, ერისთავების ყოფილ სასახლეში იმყოფება.
"გურია ნიუსი" კომენტარების მოპოვებას ამ წუთებში ცდილობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.