პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი იმ პროცედურებზე საუბრობს, რომელთა დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.
"2016 წლის 9 მარტს ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტის წინაშე ოფიციალურად წარსდგა.
დარჩენილია შემდეგი პროცედურები:
ევროპარლამენტის შესაბამისი კომიტეტი (Committee on Civil Liberties, Justice and Home Affairs) განიხილავს და კენჭს უყრის ევროკომისიის ინიციატივას;
ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის ევროკომისიის წინადადებას;
ევროკავშირის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას რეგულაცია 539/2001-ში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც ნიშნავს კონკრეტული ქვეყნის დამატებას უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნების სიაში.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯომარე ქვეყნის (ამჟამად ჰოლანდია) წარმომადგენელი ხელს აწერენ 539/2001 რეგულაციის ცვლილებას.
539/2001 რეგულაციის ცვლილება ქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ საკანონმდებლო რეესტრში (EU Official Journal).
ეს რეგულაცია დამტკიცების შემდეგ ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
აღნიშნული რეგულაცია არის ევროკავშირის საერთო სავიზო პოლიტიკის ნაწილი. საქართველო მიღწევების შედეგად იმ ქვეყნების სიაში გადადის, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ვიზა აღარ დასჭირდებათ 180-დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენის მიზნით."– წერს ლევან ბერძენიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
პარლამენტარი იმ ქვეყნების სიასაც აქვეყნებს, რომელებსაც უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და რომელთა რიცხვს საქართველო მალე შუერთდება.
"თუ ვინმეს დეტალურად აინტერესებს რეგულაცია 539/2001, გეტყვით, რომ ეს, ფაქტობრივად, არის ორი სია: "შავი" და "თეთრი". შავ სიაში ის ქვეყნებია, რომელთაც შენგენის ქვეყნებში ხანმოკლე ვიზიტისთვის ვიზა სჭირდებათ. ჩვენ ამჟამად შავ სიაში ვართ და გადაგვიყვანენ თეთრში. ამ "თეთრ" სიაში ვიქნებით:
ავსტრალია, არგენტინა, აშშ, ახალი ზელანდია, ბოლივია, ბრაზილია, ბრუნეი, გვატემალა, ეკვადორი, ვენესუელა,
იაპონია, ისრაელი, კანადა , კოსტა რიკა, მალაიზია, მექსიკა, ნიკარაგუა, პანამა, პარაგვაი, სალვადორი, სამხრეთ კორეა ,
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, სინგაპური, ურუგვაი, ჩილე, ჰონდურასი."