საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს IV გლობალური ფორუმის მონაწილე – 70 ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერებს სიტყვით მიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველო – აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მოკავშირეობა და მეგობრობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების გარემო მოკლე დროში საფუძვლიანად შეიცვალა. რეგიონში ჩვენი საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედს არღვევს რუსეთის მცოცავი ოკუპაცია საქართველოში, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, მზარდი ტერორიზმის საფრთხეები და ლტოლვილთა კრიზისი.
როგორც მარგველაშვილმა ფორუმზე აღნიშნა, მგრძნობიარე და დაუცველ გარემოში, უსაფრთხოების თვალსაზრისით თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული, ჩვენი მოსახლეობის 15% იძულებით გადაადგილებული პირია, ამის მიუხედავად, საქართველო ახერხებს, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების მხარდამჭერ მისიებში. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ძალისხმევას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. საქართველო უზრუნველყოფს 8 ქვეყნისათვის ზღვაზე გასასვლელს, საქართველოს პორტების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება სწორედ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის შექმნაა. ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტები ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი უახლოეს მომავალში ევროპასა და აზიას შორის თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობებს გაზრდის. ეს კი, ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარებას.
გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ჩვენი რეგიონი ახალი "აბრეშუმის გზის" პროექტის განვითარებისათვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს.
პრეზიდენტის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" და "ბაქო-თბილისი-ერზრუმის" ნავთობსადენების, TANAP-ის, TAP -ის ტრანსკასპიური გაზსადენები შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონს უფრო უფრო უსაფრთხოს და დაცულს გახდის და უკეთესი ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შექმნის.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მეტ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან ხსნის ახალ შესაძლებლობებს და ახალ პერსპექტივებს თითოეული ჩვენგანისთვის.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და სავაჭრო და ეკონომიკურ ზრდის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ეს ხელს შეუწყობს ბიზნესს კონტაქტების დამყარებას და ინვესტიციების წახალისებას. ეს ხელშეკრულება საქართველოს ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.
ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მეორეს მხრივ, თურქეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. გარდა ამისა, გვაქვს მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინტენსიური პარტნიორობა შექმნის უფრო უკეთეს და დაცულ მომავალს ჩვენი მომავალი თაობებისათვის", – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.