იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საფეხბურთო კლუბ "მილანის" მფლობელი, სილვიო ბერლუსკონი, რასაკვირველია პოლიტიკური და სექსუალური გართობების ფონზე, ფეხბურთისთვისაც იცლის.
იტალიური მასმედიის მტკიცებით, ბერლუსკონი გუნდის ქომაგებს ჰპირდება, რომ მომავალი სეზონიდან მსოფლიო დონის ერთ-ერთი ვარსკვლავით გააძლიერებს შემადგენლობას.
ცნობილი გახდა, რომ ბერლუსკონის ფავორიტი მიმდინარე წლის საზაფხულო სატრანსფერო პერიოდში პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იქნება და სწორედ მის შეძენას გეგმავს პრემიერი, თუ გამოუვა, რა თქმა უნდა.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს მადრიდის "რეალიდან" აბარგება სურს, მაგრამ რამდენად მოიწადინებს კარიერის მილანში გაგრძელებას, ალბათ საკითხავია.
ყოველ შემთხვევაში ბატონი სილვიო იმედს არ კარგავს და თურმე უახლოეს დღეებში ესპანური "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობასთან კონტაქტზე გასვლას აპირებს.