ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა სისტემის შემოღებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ამ საკითხზე მოწყობილი მრგვალი მაგიდის გარშემო შეკრებილი საჯარო მოსამსახურეები თავგამოდებით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ იქ დამსწრე საზოგადოებისთვის ამ გადაწყვეტილების ეფექტურობა.
კამათი იქამდე გაგრძელდა, სანამ გურიის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა თავისი გულისნადები არ თქვა და მოქალაქეები დერეფანში მობოდიალე ადამიანებად არ მოიხსენია. მრგვალ მაგიდას საჯარო მოხეელები, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თამაზ ტრაპაიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი: _ 2012 წლის 12 მარტს, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დაწესდა პირთა გადაადგილების ახალი წესები. მოგეხსენებათ, ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, საშვთა სისტემის შემოღება კი ქცევის ზოგად წესს ადგენს და ნორმატიული აქტით უნდა მიღებულიყო. ამასთან, ბრძანების საფუძველს წარმოადგენს საკრებულოს დებულების 117-ე მუხლი. აღნიშნული მუხლი ეხება საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა მოქალაქეთა მიღების წესს და შედის დებულების იმ თავში, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მონაწილეობას თვითმმართველობის გახორციელებაში. ამდენად, პარადოქსულია, ეს მუხლი გამოვიყენოთ პირთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საფუძვლად.
ძალზე საეჭვოდ დაემთხვა ამ ბრძანების შემოღება კონტროლის პალატის მიერ გახორციელებულ მოქალაქეთა “დაკითხვებს”. ეს ყოველივე ბადებს ეჭვს, რომ ადმინისტრაციული აქტი მიღებულ იქნა ნაჩქარევად და სწორედ ამან გამოიწვია სამართლებრივი ხარვეზები.
ლაშა თავაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმის წარმოების, საორგანიზაციო და იურიდიული განყოფილების უფროსი: _ აქ ეჭვი გამოითქვა იმაზე, რომ ბრძანება 12 მარტს არ გამოცემულა. ამის შესაბამისი საფუძველიც უნდა არსებობდეს. ამ თემის განხილვა მუნიციპალიტეტში დიდი ხანია მიმდინარეობს. ბრძანების საცდელი მოდელი საკრებულოს სხდომაზე გავიტანეთ, თუ პრაქტიკაში როგორ გაამართლებდა. ყველამ ვიცით, რომ თვითმმართველობის შესახებ არსებობს ორგანული კანონი, სადაც განსაზღვრულია მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის გახორციელებაში. ეს მიღებულია იმ მიზნით, რომ საჯარო მოსამსახურეს ჰქონდეს საშუალება, თავისი ის უფლებამოსილება განახორციელოს, რასაც ადგენს ორგანული კანონი.
ისაკ ლომთათიძე, სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი: _ რაც შეეხება საშვთა ბიუროს ჩამოყალიბებას, ერთი საქმეა, რამდენად მართლზომიერად მოხდა ანუ კანონიერი საფუძველი რა იყო. უკანონობას ამაში, ძალიან რომ გინდოდეთ, ვერ ნახავთ. რაც შეეხება იმას, თუ რეალურად რა მოყვა საშვთა ბიუროს ჩამოყალიბებას, ყველა თქვენთაგანმა იცის, ნებისმიერ ქალაქში, ორგანიზაციაში, სადაც სერიოზული ადმინისტრაციაა განთავსებული(?!), არის გარკვეული ქცევის წესი და გარკვეული ქცევის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანი მოწესრიგებულად განსაზღვრულად, შესაბამისი აღრიცხვის საფუძველზე მივიდეს კონკრეტულ თანამდებობის პირთან. შემდეგ თავისი საქმე გაარკვიოს, ჩამოყალიბდეს, მობრუნდეს უკან და წაბრძანდეს ისევ თავისი გზით. საშვთა ბიუროს შემოღებამდე, ჩვენთან შენობაში თვითნებურად გადაადგილდებოდა მოქალაქეების უმრავლესობა. შეხვდებოდით ადამიანებს, რომლებიც ეკონომიურ საქმიანობასაც კი ეწეოდნენ ადმინისტრაციული შენობის დერეფანში. თუ შეიზღუდა სხვისთვის თვითნებური პარპაში, უფლება გაეზარდა მეორეს, რათა თავისი კანონიერი საქმე თვითმმართველობაში გააკეთოს კანონიერად, ვიდრე აქამდე ჰქონდა. თუკი მიგაჩნიათ, რომ უკანონოა ბრძანება, მიმართეთ შესაბამის ორგანოებს.
რაც ეს სისტემა შემოვიდა, მას მერე არ დამისვამს შეკითხვა დერეფანში მობოდიალე ადამიანისთვის, ვის ეძებთ ქალბატონოო?! ანუ ყველამ კარგად იცის, სად უნდა მივიდეს, როგორ და რა უნდა იკითხოს, რა უნდა ქნას. ადამიანმა იცის, როდის მივა, როდის გამოვა, შეიძლება ვინმესთვის კომფორტული არ იყოს ლოდინი, მაგრამ წესი _ წესია.
საჯარო მოხელეებისგან ასევე გაჟღერდა, რომ ადმინისტრაციულ შენობაში დასრულდა “ორიფლეიმის” დისტრიბუტორებისა და პელმენის გამყიდველების “პარპარში”, თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას “მობოდიალე ხალხი” რატომღაც, კონტროლის პალატის საყოველთაო დაკითხვების დროს გაახსენდა.
ნუგზარ ასათიანი, გაზეთ “ალიონის” რედაქტორი: _ ვერ დავეთანხმები შეხვედრაზე მოწვეულ საჯარო მოხელეებს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შესვლაზე საშვის შემოღება ამ შენობაში ცალკეულ მოქალაქეთა ეკონომიკურ საქმიანობას უკავშირდება და იგი მოქალაქეთა ქცევის ნორმებს აწესრიგებს.
ბუნებრივია, საჯარო მოხელეები ხელისუფლების პოზიციას იცავდნენ, მაგრამ მათი არგუმენტები, არადამაჯერებელი იყო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბრძანება ნამდვილი აუცილებლობიდან გამომდინარე არ იქნა მიღებული _ იგი კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა დაკითხვების დაწყებას ემთხვევა.
“გურია ნიუსთან” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ, როგორც ბრძანების ტექსტში იკითხება, იგი მიღებულია 2010 წლის 19 ივლისის #2 დადგენილების 117-ე მუხლის შესაბამისად: _ ეს მუხლი ეხება საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესს. რაც შეეხება ბრძანებას, მის პირველ პუნქტში ვკითხულობთ, რომ იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (საკრებულოსა და გამგეობაში) მოქალაქეთა (საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა) მიღების, განცხადებების და საჩივრების განხილვის პროცესის სრულყოფისა და მუნიციპალიტეტის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნითაა მიღებული. აქ ნათლად ჩანს, რომ ბრძანება გავრცობილია გამგეობის სამსახურზე. ამასთან, მუნიციპალიტეტის შეუფერხებელი ფუნქციონირების საფუძვლად, დადგენილების 117-ე მუხლი ვერ გამოდგება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბრძანების შინაარსი ნაწილობრივ შეუსაბამოა დადგენილების აღნიშნულ მუხლთან.
_ ბატონო თამაზ, თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია ის, რომ 2012 წლის 12 მარტს მიღებულ ბრძანებას (თუკი ეს მართლაც 12 მარტსაა მიღებული) საზოგადოება 15 მარტს გაეცნო, ხოლო ძალაში 14 მარტს შევიდა.
_ ბრძანების მე-5 მუხლში ვკითხულობთ, რომ იგი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, რადგან ბრძანება 15 მარტს გამოქვეყნდა. შესაბამისად, მისი 14 მარტს ამოქმედება არაკანონიერია.
_ თქვენი აზრით, რამ განაპირობა აღნიშნული ბრძანების მიღება?
_ საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობებში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა განპირობებულია კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთაგან ახსნა-განმარტებების მიღებით. ამ ეჭვს მართლაც აძლიერებს ბრძანების შინაარსი, რომლის საფუძველი ნაწილობრივ განსხვავებულია მიზნისგან და შინაარსისგან, _ გვითხრა თამაზ ტრაპაიძემ.
არ არის გამორიცხული, ოზურგეთის ხელისუფლებამ გამოიჩინოს “კეთილი ნება” და ჟურნალისტებისთვის საშვის მაგივრად აკრედიტაცია გააკეთოს, მაგრამ რამდენად მოხერხდება, ეს არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, მრგვალ მაგიდასთან დისკუსიის დროს ასეთი მოსაზრება გაჟღერდა.
P.S. “გურია ნიუსმა”, გასულ კვირას დაბეჭდა წერილი სათაურით “ზოგისთვის _ დახურული, ზოგისთვის _ გასართობი”, სადაც ჟურნალისტი ჟანა მეგრელიშვილი წერდა თუ როგორ შემოესმა მუსიკის ხმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში. სამუშაო კაბინეტში მყოფმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ, საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირმა მამუკა ქილიფთარმა და საკრებულოს საინფორმაციო-ანალიტიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, რუსიკო ხაბეიშვილმა “განგვიმარტეს”, რომ შესვენება ჰქონდათ და თავს ხმამაღალი მუსიკით ირთობდნენ.
მაისის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებისთვის ბეჭდვითი მედიის დღის აღსანიშნავად ღონისძიების ჩატარებას აპირებენ.
ამგვარ პიარაქციებს, ჯობს, თვითმმართველობა ხალხს “მობოდიალე არსებებად” არ მიიჩნევდეს და ჟურნალისტებს მუშაობას არ ურთულებდეს.