საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომელიც "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო პავილიონში გაიმართა.
ფოტოგამოფენას – "ჩემი მეგობარი" პირველი ლედი პატარა თემოსთან ერთად ეწვია და გამოფენაზე წარმოდგენილი 25 თანამედროვე პროფესიონალი ფოტოხელოვანის მიერ გადაღებული, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა პორტრეტები დაათვალიერა.
"წლევანდელი სლოგანი არის "ჩემი მეგობრები-ჩემი გარემოცვა" , მოხიბლული ვარ ორგანიზატორების ძალისხმევითა და წარმოდგენილი ნამუშევრებით",- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ
ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გადაღებული სოციალური კლიპის პრეზენტაციაც გაიმართა.
აღნიშნული გამოფენა, კავშირი "ჩვენი ბავშვების" მიერ იყო ორგანიზებული და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ეძღვნება, რომელიც 21 მარტს აღინიშნება.