გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში თვითმმართველობის მხარდამჭერი სტუდენტების ნაწილი შეიჭრა, სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე არ ადასტურებს. როგორც ლორთქიფანიძემ "გურია ნიუსს" უთხრა, იმ სტუდენტებს, რომლებიც 6 დღეა უნივერსიტეტის თვითმმართველობის რეორგანიზაციას ითხოვენ, დაცვის თანამშრომლები უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
თუმცა, ლორთქიფანიძის ინფორმაციით, შენობაში, იმყოფებიან თვითმმართველობის მხარდამჭერი სტუდენტების აგრესიული ჯგუფი, რომლებიც გუშინ ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ.
"ეს "სკინჰედები" შედიან უკანა კარებიდან, რომლებსაც სურთ დაიკავონ რექტორის კაბინეტი და მოაწყონ არეულობა უნივერსიტეტის შიგნით. სტუდენტთა მეორე ნაწილი, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ მე-6 დღეა სხვადასხვა საკითხებს, გარეთ ვდგავართ და შიგნით არავინ გვიშვებს.
გიდასტურებთ, რომ აგრესიული ჯგუფის წევრები პაპავას კაბინეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეჭრილები, თუმცა, თვითონ კაბინეტი ჯერ, მგონი არ დაუკავებიათ", _ აღნიშნავს ლორთქიფანიძე.
მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტში ასევე იმყოფებიან სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც საკმაოდ აგრესიულად იქცევიან.
"ისინი ამ წუთასაც არიან შენობაში, ნიღბიანი პირები. დაცვის თანამშრომლები არ ვიცი რას აკეტებენ. ჩვენ დაცვის ხელმძღვანელს უნდობლობა გამოვუცხადეთ. ის ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ უცნობი პირები არ შევიდნენ უნივერსიტეტში", _ ამბობს ლორთქიფანიძე და დასძენს, რომ ამ წუთებში სტუდენტების ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა, რომლებიც მათ უნივერსიტეტში არ უშვებენ.