თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა რექტორის, ლადო პაპავას კაბინეტი რმადენიმე წუთის წინ, ძალის გამოყენებით დაიკავეს:
_ თვითმმართველობა და რიგითი სტუდენტები რექტორის კაბინეტში ვართ. ველოდებით ლადო პაპავას.
ზოგიერთი პროფესორი გვაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა, სტაბილური მდგომარეობაა და ხშირ შემთხვევაში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას სტუდენტმა ეკა კალანდაძემ, რომელიც თვითმმართველობის წევრების მოთხოვნას მხარს უჭერს და ამ წუთებში პაპავას კაბინეტში იმყოფება.
მისივე თქმით, მათ არ სურთ დაპირისპირება:
_ გუშინ წამაქციეს და მუხლი დავიზიანე, როდესაც ვცდილობით რექტორის კაბინეტთან მისვლას. კიბეების ზევით დაგხვდნენ და "მოგვაწვნენ" მთელი ძალით, ფაქტობრივად, კიბეებიდან გვყრიდნენ. დაცვამ და "ჩვენი მხარის" ბიჭებმა გადაგვარჩინეს. ამის პარალელურად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიღბიანი ახალგაზრდები სცემდენ სტუდენტებს _ ეს ტყუილია. სვიტერების ე.წ ,,ყელი" აიფარეს სახეზე, რადგან ტელევიზიას ვერაფრით დააღწიეს თავი.
ისიც შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის პრეზიდენტს შალვა საბაურს არავისთვის დაურტყამს. ეს არის პროვოკაცია მეორე მხარისგან.
ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება ჩვენს უნივერსიტეტელებთან, თუმცა, მათ მოლაპარაკებაზე უარი გვითხრეს, _ აღნიშნა კალანდაძემ.