ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ჩახვაძის თქმით, 2017 წლიდან იგეგმება სამეურნეო ტყეების შექმნა, რომელიც საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადაეცემა. საამისოდ მთავრობას საკრებულომ უნდა წარუდგინოს ჯეროვნად შემუშავებული გეგმა და დაარწმუნოს ის, რომ მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემით, მნიშვნელოვნად დაცული იქნება ტყის საფარი და მოწესრიგდება სამეურნეო საქმიანობა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ შეიმუშავა პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ და განსახილველად საკრებულოს წარუდგინა. აღნიშნული წესის მიღება ეხება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნარგავებს _ ქარსაფარი ზოლი, სკვერები და ასე შემდეგ.
გიორგი ჩახვაძის თქმით, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულ ქონებათა რიცხვში შედის მწვანე ნარგავები, რომელთა მოჭრა, გამონაკლისის შემთხვევების გარდა, აკრძალულია. სწორედ ეს გამონაკლისი შემთხვევებია გათვალისწინებული ზემოთ ნახსენები კომისიის მიერ შემუშავებულ და საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენილ პროექტში.
პროექტის ავტორთა განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის მიზანს წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, ხეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირება.
გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, რეგულირდება მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის, მათი აღრიცხვის უწყისის წარმოების, მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა-მონიშვნის და მოპოვებული (ფუნქციადაკარგული) მერქნის გასხვისების წესები.
კომისიას მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ მიერ შემუშავებული წესის პრაქტიკაში გახორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლას და მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების დარეგულირებას.
"მუნიციპალურ საკუთრებაში ტყის გადმოცემით, უნდა მოგვარდეს ის საკითხი, რომლის გადაჭრასაც, ბოლო ათი წელია, უშედეგოდ ვცდილობთ, ამ კატეგორიის ტყეების არსებობა კი, უპირველესად, ხელსაყრელი იქნება მოსახლეობისთვის, რადგან დღემდე პრობლემურად რჩება მათთვის სამასალე ხის მოპოვება. სწორედ ამის დარეგულირებას ითვალისწინებს ჩვენ მიერ შემუშავებული წესი", _ ამბობს ჩახვაძე
როგორც ირკვევა, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მიერ შემუშავებულ პროექტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გააჩნია საკრებულოს წევრთა მხრიდან _ ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ კარგი იქნება, ადგილზე შეიქმნას სანერგე მეურნეობა:
"ფაქტობრივად, ლანჩხუთის ქარსაფარი ზოლი გაუბედურებულია და განახლებას საჭიროებს. ამ პროექტს, რომელიც საკმაოდ კარგია, აუცილებლად უნდა მოჰყვეს ადგილზე სანერგე მეურნეობის შექმნა, რომელიც გააშენებს ამ ტყეებს. საამისოდ კი აუცილებელია, შეიქმნას რაღაც სამსახური, მუნიციპალიტეტმა უნდა გამოყოს ტერიტორია, სადაც სხვადასხვა ხის ჯიშებს გამოიყვანენ", _ თქვა პროექტის განხილვისას დეპუტატმა გია გოგუაძემ.