ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჰიდროელექტროსადგურის _ "ნატანები 2" ( სიმძლავრე 9.45 მგვ.) პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ შპს "ენერჯი სოლუშენს ნატანები" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, მდინარე ნატანებზე ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას მომავალი წლის გაზაფხულზე გეგმავს.
"ეს პირველი შეხვედრაა. 27 აპრილს კიდევ ერთი შეხვედრა იქნება, რადგან ყველა ის გეგმები გაგაცნოთ, რომელიც სადგურის მშენებლობას უკავშირდება. დღეს ყველა შენიშვნები იქნება ჩაწერილი და შესაბამისად, გათვალისწინებული", _ ითქვა შეხვედრაზე.
"ენერჯი სოლუშენს ნატანების" დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას თქვა, რომ "ნატანები 2" იქნება ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე (წყალსაცავის გარეშე) ჰიდროელექტროსადგური. განსხვავებით რეგულირებადი ჰესებისგან, იგი არ ხასიათდება გარემოზე განსაკუთრებით მაღალი, შეუქცევადი ზემოქმედებით. ცალკეულ შემთხვევებში, შესაბამისი შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებების ეფექტურად გატარების პირობებში, შესაძლებელი იქნება ნეგატიური ზემოქმედებების შემცირება".
ოზურგეთელი გურამ ბერძენიშვილი შეხვედრაზე სიღრმისეულად დაინტერესდა ჰესის მშენებლობით და ათობით კითხვა დაუსვა კომპანიის წარმომადგენლებს: "საერთოდ კითხვებს იმის გამო ვსვამ, რომ არ მინდა ისეთი მდგომარეობა შეიქმნას, როგორიც მოხდა "ბახვი ჰესის" მშენებლობაზე. ყველა კუთხით უნდა შევხედოთ ამ მშენებლობას. გურია არ არის დიდი რეგიონი ამდენი ჰესის მშენებლობისთვის. აუცილებლად გავეცნობი დეტალებს. მექნება, როგორც შენიშვნები, ასევე, რეკომენდაციები. მთავარია, არ განმეორდეს ის შეცდომები, რაც იყო 2012 წელს", _ თქვა შეხვედრაზე გურამ ბერძენიშვილმა.
გურამ ბერძენიშვილის სიტყვას რეპლიკით გამოეხმაურა გიორგი აბრამიშვილი: "ძალიან გთხოვთ, ნუ შეგვადარებთ "ბახვი ჰესის" მშენებლებს. ჩვენთვის ყველას აზრი მნიშვნელოვანია და ამის გამო ტარდება ეს შეხვედრა", _ თქვა გიორგი აბრამიშვილმა.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძეს თქმით, ის მიესალმება მსგავსი პროექტების გახორციელებას: "ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჰესის მშენებლობას. მინდა ვთქვა, რომ ყველას აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული შეძლებისდაგვარად. დღეს ამ შეხვედრას ესწრება სოფელ ვაკიჯვრის მოსახლეობა და აქედან გამომდინარე, მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. ასევე, გზის დაზიანების შემთხვევაში თქვენმა კომპანიამ უნდა იზრუნოს აღდგენაზე", _ თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ შეხვედრაზე თქვა, რომ ეკონომიკის განვითარება ენერგეტიკის გარეშე არ შეიძლება: "ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე არის საუბარი და მე, პირადად, მივესალმები ამას. აქ მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება _ ეს ჩვენი თხოვნაა. ასევე, მინდა ვთქვა, ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება სოფელ შემოქმედში და ეს მართლაც მნიშვნელოვანი ამბავია. მე ახლა არ წამიკითხავს ეს ანგარიში, დღეს მოხდა მისი განხილვა და აუცილებლად გავეცნობი. როგორც გავიგე, ყველაფერი წერია აქ კონკრეტულად _ ზემოქმედება გარემოზე, ადამიანებზე, ცხოველებზე და ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რაც მშენებლობის დროს უნდა გატარდეს. ყველას ვურჩევ, გაეცნოს ამ დოკუმენტს", _ თქვა დავით დარჩიამ.
ოზურგეთელი ომარ ბაკურაძე დაინტერესდა, არიან თუ არა დაინტერესებული უცხოური ინვესტორები ამ პროექტით და დასაქმდებიან თუ არა ადგილობრივები.
"აუცილებლად დასაქმდებიან ადგილობრივები. ახლა არ შემიძლია გითხრათ, რამდენი ადამიანი დასაქმდება მთლიანად პროექტის გახორციელების დროს, მაგრამ გეტყვით, რომ დასაქმებულთა 80% იქნება ადგილობრივი.
რაც შეეხება ინვესტორს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოურ ინვესტორთან და ვნახოთ, როგორ დასრულდება ის", _ თქვა გიორგი აბრამიშვილმა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ჰესის მშენებლობის დოკუმენტის შესწავლა, რომელიც 350 გვერდს მოიცავს და ელოდებიან შენიშვნებს, რეკომენდაციებს.
შეხვედრაზე, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე არ არის სერიოზული გეოლოგიური კვლევა ჩატარებული. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, ეს კვლევა აუცილებლად ჩატარდა: "კვლევა ჯერ ვერ ჩავატარეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ჩატარდება. დარწმუნებული იყავით, კვლევა აუცილებლად გახორციელდება", _ ითქვა შეხვედრაზე.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, "საპროექტო ჰესის ჰიდროტექნიკური ნაგებობები განთავსებული იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე. მათ შორის, დერეფნის უდიდესი ნაწილი ხვდება სატყეო ფონდის ფარგლებში. საპროექტო ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოხდება საკითხის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოსთან" შეთანხმება და პროექტის გახორციელება დაიწყება შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ.
ჰესის კომუნიკაციების დერეფანი არ გაივლის მოსახლეობის კერძო მიწებზე. შესაბამისად, კერძო ნაკვეთებზე ან ქონებაზე ნეგატიური ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესში მოსალოდნელია ეროზიის გააქტიურება, ასევე, თაროების გაჭრის შედეგად მოსალოდნელია მცირე მასშტაბის მეწყრულ-გრავიტაციული პროცესები. წინასწარი კვლევებით, საპროექტო დერეფანში განსაკუთრებით რთული უბნები გამოვლენილი არ ყოფილა. პროექტის გახორციელების პროცესში საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების პრევენციულ ღონისძიებებს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა.
ექსპლუატაციის ეტაპზე საპროექტო დერეფანში ეროზიულმა პროცესებმა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადს გასტანოს (სანამ არ განვითარდება მცენარეული საფარი), პროცესების შეჩერების, მილსადენის და სხვა ნაგებობების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები.
ჰესის შენობის განთავსების ტერიტორიაზე არსებული დამაკმაყოფილებელი საინჟინრო-გეოლოგიურ პირობები, შესაბამის საპროექტო გადაწყვეტებთან ერთად, მაქსიმალურად ამცირებს საშიში გეოდინამიკური პროცესების განვითარების რისკებს.
საპროექტო დერეფანი გადის საკმაოდ მაღალი სიხშირის ტყით დაფარულ ზონაში. ნაგებობების მშენებლობისთვის მუდმივ სარგებლობაში გამოყოფილი ტერიტორიიდან მნიშვნელოვან ნაწილზე საჭირო იქნება მცენარეების მოჭრა-ამოძირკვა. ზემოქმედების ფარგლებში, შესაძლოა, მოექცეს დაცული სახეობებიც. ნაკლებად მოსალოდნელია (და, პრაქტიკულად, გამორიცხული), რომ სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვიოს მცენარის რომელიმე სახეობის განადგურება, თუმცა, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს პოპულაციების შემცირებას.
ჰაბიტატის ფრაგმენტაციით გამოწვეული ზემოქმედება, რიგ შემთხვევაში, არ იქნება გრძელვადიანი. მშენებლობის ეტაპის დასრულების შემდგომ, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით ბევრ უბანზე ჰაბიტატის აღდგენა მოსალოდნელია რამდენიმე წელიწადში. ასევე, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მიწისქვეშა მილსადენის მოწყობა, რაც ამცირებს ზემოქმედებას.
საერთო ჯამში, მცენარეულ საფარსა და ადგილობრივი ჰაბიტატის მთლიანობაზე ზემოქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მნიშვნელოვანი. პროექტთან დაკავშირებული ზემოქმედება შეიძლება შემცირდეს სამუშაოთა სწორი ორგანიზაციის/მენეჯმენტის და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით.
საკუთრივ ჰესის ოპერირება მცენარეული საფარის ამოძირკვა-გაჩეხვის სამუშაოების შესრულებას ნაკლებად საჭიროებს.
ზოოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ პროექტის გახორციელების დერეფანში შესაძლებელია ბინადრობდეს ან შემთხვევით მოხვდეს საქართველოს წითელ ნუსხაში შესული ცხოველთა სახეობები. მათზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირების კუთხით გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილია შემარბილებელი ღონისძიებები.
ექსპლუატაციის ეტაპზე განსაკუთრებით აღსანიშნავია ნეგატიური ზემოქმედება იქთიოფაუნაზე, რაც დეტალურადაა განხილულია გზშ-ს ანგარიშის შესაბამის თავებში.
ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაზიანება და სტაბილურობის დარღვევა, ძირითადად, მოსალოდნელია მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოების დროს, რაც დაკავშირებული იქნება ტექნიკის გადაადგილებასთან, მიწის სამუშაოებთან, დროებითი და მუდმივი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან და ასევე გამონამუშევარი ქანების საბოლოო განთავსებასთან.
გზშ-ში გათვალისწინებულია ცალკეული შემარბილებელი ღონისძიებები, რაც შეამცირებს ნიადაგის სტაბილურობაზე და ნაყოფიერებაზე დამატებით ზემოქმედებას.
სათავე კვანძზე დიდი ფართობის მქონე წყალსაცავის შექმნა არ იგეგმება. შესაბამისად, ზედა ბიეფში შექმნილი ტბორით მნიშვნელოვანი ფართობის ტერიტორიის დატბორვა არ მოხდება".
საბოლოო ჯამში, კომპანიის წარმომადგენელი შეხვედრით კმაყოფილი დარჩა: "მე მგონი, შეხვედრა ნაყოფიერი იყო და აუცილებლად მოვახერხებთ ყველა შენიშვნის გათვალისწინებას" _ თქვა "ენერჯი სოლუშენს ნატანების" დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.