ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ყველა სოფლის წარმომადგენელს საჩუქრად გადასცა 100-150 ძირი თუთის ნერგი. აღნიშნული პროექტი ხორციელდება სახელმწიფოს მიერ, მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინებისა და განვითარებისათვის.
"სამი ათასი ძირი თუთა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ საჩუქრად გადმოგვეცა. პროცესი შემოდგომაზეც გაგრძელდება. მეაბრეშუმეობა ჩვენში ტრადიციული დარგი იყო. მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ფერმერული განვითარების ცენტრის სანერგე მეურნეობის ფართობზე დაირგოს 100 ძირი თუთა, რაც სადედე დანიშნულების იქნება. მესამე წელს ნარგავები უკვე ექსპლოატაციაში შევა, რაც წინაპირობა იქნება ქვეყანაში მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინების დასაწყებად," _ გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა გიგა ხარაბაძემ.
მერაბ ჭანუყვაძემ და გიორგი ღურჯუმელიძემ სანერგე ფართობზე სიმბოლურად დარგეს თუთის ნერგები. ამ წუთებში ფერმერული ცენტრის თანამშრომლები სადედე ფართობისთვის განკუთვნილ თუთას რგავენ.