დონალდ ტრამპი
რამდენიმე წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა "იუთუბიზე" განათავსა ვიდეომიმართვა, რომელშიც მოუწოდებდა ბარაკ ობამას დაბადების მოწმობისა და განათლების დამადასტურებელი საბუთების ჩვენებას, რის სანაცვლოდაც იგი მზად იყო 5 მილიონი დოლარი გადაერიცხა ნებისმიერ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელსაც ობამა მიუთითებდა. ტრამპის მიზანი იმის დადგენა იყო, ნამდვილად არის თუ არა ობამა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არ ექნებოდა პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება. პრესამ ტრამპის ქცევა ხუმრობად შეაფასა, საზოგადოებამ კი უბრალოდ, ყურადღების მიქცევად ჩათვალა ტრამპის ინიციატივა.
სტიუარტ რარი
ფარმაცევტი მილიარდერისთვის სტიუარტ რარისთვის 2012 წლის ნოემბერი უიღბლო გამოდგა. პირველი – რესტორნების ქსელმა "ნობუმ" იგი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა თავის ქსელში, რადგან რარი მათ ადმინისტრატორს მოკვლით ემუქრებოდა. მეორე ფაქტიც კვლავ მუქარას ეხებოდა, ოღონდ ამჯერად რარი "ტრამპ თაუერის"ლიფტიორს დაემუქრა იარაღით და პოლიცია იძულებული იყო, მისი ბინიდან იარაღის კოლექცია ამოეღო.
ჰანს-კრისტიან რაუზინგი
რამდენიმე წლის წინ კომპანია "ტეტრა პაკის" დამფუძნებლის მემკვიდრე, 52 წლის ჰანს-კრისტიან რაუზინგი, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე დააკავა და ბინის ჩხრეკის დროს მისი გარდაცვლილი მეუღლის გვამი აღმოაჩინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ რაუზინგის ცოლი ნარკოტიკების ზედმეტი დოზის მიღებისგან გარდაიცვალა და მილიარდიანი ქონების მემკვიდრემ გვამთან ერთად რამდენიმე კვირა გაატარა.
კრისტოფელ ვიზე
სამხრეთაფრიკელი მილიარდერი კრისტოფელ ვიზე ინგლისიდან ლუქსემბურგში მიმავალი თვითმფრინავიდან ჩამოსვეს იმის გამო, რომ იგი რამდენიმე ჩემოდნის გადატანას ცდილობდა, სადაც ნაღდი ფულის სახით, მილიონობით დოლარი იყო. პოლიციამ არ დაუჯერა ვიზეს, რომ ეს ფული მას ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ჰქონდა შენახული სასტუმრო "რიტცის" შემნახველ საკანში და მხოლოდ ახლა გაახსენდა. მოგვიანებით ვიზეს ადვოკატი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ეს თანხა მისი კლიენტისთვის უმნიშვნელო იყო, რადგან ვიზეს კვირაში ამაზე მეტი შემოსავალი ჰქონდა, თუმცა, არავინ დაიჯერა.
ფრანსუა-ანრი პინო
ფრანგი ფეშენ-მაგნატი ფრანსუა-ანრი პინო სასამართლო გარჩევების ფიგურანტი გახდა. ხუთი წლის წინ მას რომანი ჰქონდა მოდელ ლინდა ევანჯელისტასთან, რომლის შედეგად ქვეყანას მოევლინა ვაჟიშვილი. ლინდამ განაცხადა, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში მილიარდერს არც ერთი ევრო არ დაუხარჯავს შვილის შენახვაზე. პინოს თქმით, ლინდას მიზნად ჰქონდა მისგან დაფეხმძიმება და ჯერჯერობით საქმე კვლავ სასამართლოშია. ამასობაში, პინოს შვილი სელმა ჰაიეკთან მსგავს პრობლემებს არ შეხვედრია, რადგან, ჰოლივუდის ვარსკვლავი სელმა, პინოს ამჟამინდელი ოფიციალური მეუღლეა.
დენ კეტი
რესტორნების ქსელ "ჩიკ-ფილის" მფლობელი, მილიარდერი დენ კეტი, ჰომოფობიაში დაადანაშაულეს. მილიარდერმა ღიად გაილაშქრა ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგ, რის საპასუხოდაც გეი-წყვილებმა მის რესტორნებში აქციების მოწყობა დაიწყეს. კეტს მიაჩნია, რომ რელიგია მსგავს ქორწინებებს არასდროს არ აღიარებს და მოუწოდებს გეებსა და ლესბოსელებს, ბიბლიურ გზას დაადგნენ და მოინანიონ ცოდვები.
სტივენ კოენი
ამერიკის ფედერალურმა სამსახურმა დაადგინა, რომ მსხვილი საფონდო მაგნატი, ჰეჯ-ფონდების მფლობელი სტივენ კოენი ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ აფერებში იყო გარეული. გამოძიების ცნობით, კოენის კომპანია ფასიანი ქაღალდებით მანიპულირებდა და ხელოვნურად ახდენდა გავლენას საფონდო ბირჟაზე. გამოძიება ჯერაც მიმდინარეობს.