თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების სიზუსტის მაკონტროლებელი ორგანო საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს, ამიტომ, რა წერია დეკლარაციაში და შეესაბამება თუ არა მისი შინაარსი სიმართლეს, არავინ ამოწმებს.
მკვლევარები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დეკლარაციების მკაცრად გაკონტროლების საჭიროების საკითხს უკვე დიდი ხანია აყენებენ. განსაკუთრებით კი, ამაზე საუბარი 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები აღნიშნული მიმართულებით უკვე გადაიდგა, შევიდა ცვლილებები „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში, სახელმწიფოში ჯერჯერობით კონტროლის მექანიზმი კვლავ არ არის.
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, დეკლარაციების შინაარსის მაკონტროლებელი მექანიზმი 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ამ დროისთვის კი, საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების შევსების ვადების კონტროლი და მისი გამოქვეყნების ვალდებულება აქვს. 2017 წლიდან კი, ბიურო დეკლარაციების შინაარსსაც შეამოწმებს.
საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსი დემნა ლობჟანიძე „გურია ნიუსთან საუბრისას აცხადებს, რომ უკვე მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის შექმნა, რომელიც სხვადასხვა უწყებების ბაზებს დაუკავშირდება და ამით მოხდება დეკლარაციების სიზუსტის კონტროლი.
_ბატონო დემნა, დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენთან გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებდით, რომ დეკლარაციების დეპარტამენტს და საერთოდ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების კონტროლის არანაირი მექანიზმი არ გააჩნია. რა ვითარებაა დღეს? გაქვთ თუ არა ეს მექანიზმი?
_ბიურო აგრძელებს თავის საქმეს, ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამდებობის პირების დეკლარაციის კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარებას და ნებისმიერ კითხვაზე ცხელი ხაზის მეშვეობით პასუხის გაცემას. ვადის დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილ რეაგირებას. რაც შეეხება შინაარსს, ამ ეტაპზე ბიურო არანაირ კონტროლს არ ახორციელებს. თუმცა, განხორციელდა რეფორმა, შევიდა ცვლილებები „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში და ძალაში 2017 პირველი იანვრიდან შედის. შესაქმნელია სპეციალური პროგრამა, რომელიც უნდა დაუკავშირდეს სხვადასხვა უწყებებს და განხორციელდეს ჩაბარებული დეკლარაციის კონტროლი.
_ სისტემა ყველა დეკლარაციას შეამოწმებს?
_ყველა დეკლარაცია მაინც ვერ შემოწმდება. ლოტოტრონის პრინციპით პროგრამა ამოარჩევს დეკლარაციების გარკვეულ რაოდენობას, ამავე დროს ბიუროს უფროსთან შეიქმნება ე.წ. საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც იქნებიან გაერთიანებული მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი, თავის მხრივ, რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით შეარჩევენ თანამდებობის პირების გარკვეულ რაოდენობას და მოხდება მათი დეკლარაციების შემოწმებაც. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია რეაგირება და პროცედურები.
_რა საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს კანონი დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევაში?
_ თუ აღმოჩნდება, რომ შეცდომით არის შევსებული დეკლარაცია კანონი ითვალისწინებს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იქნება ეჭვები კორუფციული ან სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით, 1000 ლარით ჯარიმდება და რეაგირებისთვის მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება. მაგრამ ეს იქნება 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
_აღნიშნეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან დეკლარაციების შინაარსის შემოწმების პროცესში. როგორ მოხდება ამ ორგანიზაციების შერჩევა?
_ ჯერჯერობით არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლებმაც შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დეკლარაციების გაკონტროლების პროცესში. ყოველ წელს ბიურო გამოაცხადებს კონკურსს და ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს დეკლარაციების კუთხით მუშაობის გამოცდილება, მიეცემა საშუალება, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს
_ კანონის ამოქმედებამდე რა შეუძლია ბიუროს გააკეთოს, როდესაც თანამდებობის პირის დეკლარაციაში არასწორი მონაცემია შეტანილი? თუ არის შესაძლებელი რომ ინფორმაცია ჩასწორდეს? მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს 2015-206 წლების დეკლარაციაში იმ თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი აქვს აღნიშნული, რომელიც მას 2014 წლამდე ეკავა.
_თვითონ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში აღნიშნული ინფორმაცია, ვერანაირად ვერ გასწორდება. არ არსებობს, ჩაბარებულ და გამოქვეყნებულ ინფორმაციაში რაიმე სახის კორექტირების შეტანის მექანიზმი, თუნდაც ეს პირის თანამდებობასთან შეუთავსებელი ინფორმაცია იყოს. მთელი კონტროლის მექანიზმი გადატანილია საზოგადოებაზე, ამიტომ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეუძლია იმოქმედოს კანონის შესაბამისად. მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. ბიურო უფლებამოსილი არ არის, გარდა იმისა რომ ჩაიბაროს დეკლარაცია და უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება, სხვა არანაირი მექანიზმი არ აქვს რომ იმოქმედოს მონიტორინგის კუთხით.
ამავე თემაზე:
თანამდებობის პირების დეკლარაციების სიზუსტეს არავინ ამოწმებს
დაარღვია თუ არა კანონი ოზურგეთის გამგებელმა
გაიუქმა თუ არა ინტერესთა კონფლიქტში მხილებულმა თანამდებობის პირმა ინდმეწარმის სტატუსი
კონსულტაციები "საახლობლოსთან" – კორუფციაში დადანაშაულებული თანამდებობის პირების განმარტებები
კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში