ამ წუთებში გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ხუთი შვილის დედა იმყოფება და პროტესტის ნიშნად, შენობის დატოვებას არ აპირებს.
შენობის წინ ჯერ პლაკატი გააკრა – "მომეცით 100 ლარი", შემდეგ ცენტრის თანამშრომლებს სოციალური დახმარების აღდგენა და 150 ლარის ჩარიცხვა მოთხოვა.
"არ დავტოვებ ამ შენობას, აქ დავიწყებ შიმშილობას. ჩემს მეხუთე შვილს, რომელიც თვენახევრის არის, დღეს საჭმელი არ აქვს. ასევე ენერგო პრო ჯორჯიამ გადაუხდელობის გამო შუქი ჩაგვიჭრა. საშინელ მდგომარეობაში ვცხოვრობთ და ახლა გვჭირდება დახმარება. ვითხოვ წინასწარ ჩამირიცხონ ფული, რადგან 30 ლარის საჭმელი უნდა ჩემს შვილს, ახლა ვიყავი აფთიაქში და 30 ლარზე მეტი კიდევ შუქის ფული მაქვს გადასახდელი."– თქვა ლია სირაძემ.
ლია სირაძე აგრესიულობით გამოირჩეოდა და ცენტრის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"არ გავჩერდები, რადგან დროზე ადრე ვითხოვ დახმარების დარიცხვას. ადგილობრივი ხელისუფლებისგან კი მივიღე რამოდენიმეჯერ თანხა, 150 ლარი ორჯერ მომცეს და კიდევ 250 ლარი, მაგრამ ვის ყოფნის ეს თანხა. თქვენ უნდა ნახოთ სად ვცხოვრობ და მერე კარგად მიხვდებით, რომ სოციალური დახმარება მეკუთვნის. ეს არის ცხოვრება? ეს არის ქვეყანა? ყველას დავუკავშირდები, ცენტრალურ ხელისუფლებასაც და მერე ნახავთ, რაც მოხდება." – თქვა მედიის წარმომადგენლებთან ლია სირაძემ.
გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელის ვასილ ხომერიკის თქმით, ლია სირაძეს სახელმწიფოსგან 150 ლარი თავის დროზე, თვის ბოლოს ჩაერიცხება.
"ეს ქალბატონი ახლა სხვა მისამართზე ცხოვრობს და აქედან გამომდინარე, მოეხსნა სოციალური დახმარება. ასევე მის ოჯახის წევრს არ აქვს პირადობის მოწმობა, ჩვენ დავაკვალიანეთ ეს ადამიანი და აუცილებლად უნდა მივიდეს საჯარო რეესტრში. პირადობის მოწმობის აღების შემდეგ მოხდება ამ ოჯახის შესწავლა თავიდან."- თქვა ვასილ ხომერიკმა.
მისივე თქმით, რადგან ბავშვს პრობლემა აქვს, ლია სირაძეს შესთავაზეს მისი თავშესაფარში გადაყვანა.
"მე ჩემს შვილებს არსად არ ჩავაბარებ. დახმარება თუ გინდათ, დამეხმარეთ ისე, რომ მსგავსი პრობლემები არ შემექმნას,"– უპასუხა სირაძემ ხომერიკს.
ლია სირაძის თქმით, ის დღეს აპირებს შიმშილობა დაიწყოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის შენობის წინ.