იოჰან კრუიფი გარდაიცვალა… ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლეგენდარული ფეხბურთელი უკურნებელ სენს ებრძოდა, სამწუხაროდ უშედეგოდ… მუდამ გამარჯვებულმა "მფრინავმა ჰოლანდიელმა" ამ ცხოვრებასთან უკანასკნელი დაპირისპირება მარცხით დაასრულა…
დღევანდელ წერილში იოჰან კრუიფსა და მის მიერ გავლილ საფეხბურთო გზას კიდევ ერთხელ გავიხსენებთ.
ჰოლანდიური ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად იოჰან კრუიფია მიჩნეული. ის დაიბადა 1947 წლის 25 აპრილს, ამსტერდამის ღარიბ რაიონ ბეტონდორფში. მამა ადრე გარდაეცვალა და დაობლებულ შვილებს დედა ზრდიდა. ბიჭი, რომელსაც იოჰანი ერქვა, ადრიდანვე მიეჩვია გაჭირვებას, შრომას, გამოიმუშავა ძლიერი ნებისყოფა. გავიდა წლები, ის დავაჟკაცდა და თავის საქმეში ბევრად გამოცდილ კოლეგებს შორისაც არ მოეპოვებოდა ბადალი.
ამსტერდამის "აიაქსში" კრუიფი ათი წლის ასაკში ჩაირიცხა. კლუბის ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ჰოლანდიის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში პირველად თექვსმეტი წლისამ მიიღო მონაწილეობა. მაშინ, დებიუტანტი მინდორზე 14–ნომრიანი მაისურით გამოვიდა და შემდეგ მუდამ ამ ნომრით თამაშობდა, როგორც "აიაქსში", ისე ჰოლანდიის ნაკრებში.
ეროვნულ გუნდში კრუიფის დებიუტი შედგა 1966 წლის 7 სექტემბერს როტერდამში, უნგრეთის ნაკრებთან შეხვედრაში (2: 2), ორი თვის შემდეგ იგი მეორედ გამოვიდა ნაკრების აგურისფერი მაისურით – ამჯერად თავის მშობლიურ ამსტერდამში, სადაც მასპინძლები ჩეხოსლოვაკიელებს ხვდებოდნენ. ამ მატჩში უხეშობისათვის იოჰან კრუიფი მოედნიდან გააძევეს. ამას მოჰყვა ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის სასჯელი, რის შემდეგაც იოჰანი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 1967 წლის 13 სექტემბერს, გდრ-ის ნაკრებთან შეხვედრის წინ დაბრუნდა.
1971 წლის 1 დეკემბერს კრუიფმა, როგორც კაპიტანმა, პირველად გამოიყვანა ჰოლანდიის ნაკრები შოტლანდიელებთან სათამაშოდ და ამის შემდეგ ეროვნული გუნდის კაპიტნის სამკლაური აღარ მოუხსნია.
1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იოჰან კრუიფმა მართლაც ბრწყინვალედ ჩაატარა და დამსახურებულად მიიღო ტურნირის საუკეთესო მოთამაშისათვის დაწესებული სპეციალური პრიზი.
იოჰან კრუიფმა "ოქროს ბურთი" სამჯერ ( 1971, 1973, 1974) დაისაკუთრა. ჰოლანდიის ნაკრებში სულ 48 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. (1966-1977 წლები). თამაშობდა ამსტერდამის "აიაქსში" (1964–1973), ესპანეთის "ბარსელონაში" (1973–1978), შემდეგ გამოდიოდა აშშ-ის კლუბებში 'ლოს-ანჯელეს აცტეკსა' (1979) და "ვაშინგტონ დიპლომატსში" (1980–1981), რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდა ესპანეთის მეორე ლიგის წარმომადგენელ "ლევანტეს" ღირსებას, 1981 წლის შემოდგომაზე კი თავის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.
34 წლის ვეტერანის დაბრუნებამ იმ ხანად ჰოლანდიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კრუიფი "აიაქსს" ჰოლანდიის ჩემპიონის ოქროს მედლების მოპოვებაში დაეხმარა, შემდეგ როტერდამის 'ფეიენოორდში" გადავიდა და ამ კლუბმა "დუბლი' გააკეთა. ამ მორიგი გამარჯვების შემდეგ კრუიფი კვლავ ამსტერდამში დაბრუნდა და თავისი მშობლიური კლუბის მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ესპანეთში გადაბარგდა და რამდენიმე წლის განმავლობაში "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა…