ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, კვლავ მსჯელობის საგნად იქცა ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილების საკითხი, სადაც საუბარია მუნიციპალიტეტსა და ფეხბურთის განვითარების ფონდს შორის ფინანსურ ურთიერთობებზე. როგორც გამგეობის საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ განაცხადა, აღნიშნულ ფონდში დამატებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კიდევ 100 ათასი ლარის გადატანა იგეგმება.
"როცა საფეხბურთო კლუბ "გურიას" დაფინანსებიდან ფეხბურთის განვითარების ფონდში გარკვეული თანხების გადარიცხვა განხორციელდა, შევთანხმდით, რომ 200 ათას ლარს სტადიონისა და ბაზის ფუნქციონირებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში დავტოვებდით. ვინაიდან საწვრთნელი ბაზა კლუბის სარგებლობაში რჩება, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ 100 ათასი ლარი გადაეცეს ფონდს ბაზის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის" – აღნიშნა ლაშხიამ.
ამ ინფორმაციამ დეპუტატთა შორის მორიგი გაურკვევლობა გააჩინა. თემურ ალექსაიამ, როგორც "ბავშვთა საფეხბურთო სკოლის" წარმომადგენელმა ითხოვა, სანამ ეს საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდება, იქნებ სკოლას არსებული ვალდებულებების დასაფარავად გარკვეული თანხები გამოეყოსო. საქმე იმაშია, რომ ფონდში ისევე როგორც ამ სკოლიდან, ასევე გოგონათა სარაგბო – საფეხბურთო სკოლიდანაც, უნდა ჩაირიცხოს თანხები და სანამ ეს პროცედურა განხორციელდება, მანამდე აღნიშნულ სკოლებს გარკვეული ხარჯები აქვთ დასაფარავი, მაგრამ თანხების განკარგვა არ შეუძლიათ.
საერთოდ ბიუჯეტიდან ფონდში უკვე გადატანილ და გადასატან თანხებზე, ბევრი კითხვა გაჩნდა. საკრებულოს წევრებმა პასუხებიც მოითხოვეს.დეპუტატმა გია გოგუაძემ ფონდის მესვეურების ადგილზე ჩამოყვანის საკითხი დასვა.
"ჩვენ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გვქონდა თხოვნა და ახლაც ვიმეორებთ, რომ საკითხის განხილვის პროცესში, ისევე როგორც ჩაბრძანდა აჭარაში, ჩვენთანაც ჩამობრძანდეს ფონდის ხელმძღვანელობა და განგვიმარტოს რა არის ეს ფონდი. როცა ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია მოხდა, ჩვენ მივესალმეთ ამ ყველაფერს და ძალიან გაგვიხარდა. ახლა გამოდის, რომ წაგებაში ვრჩებით. ჩვენივე თანხები ხომ მიაქვთ, იქით მომსახურების 5%-იც უნდა ვუხადოთ. აქვე იურიდიულმა სამსახურმა დადოს დასკვნა, რამდენად კანონიერია საკუთარი შემოსავლები მთავრობის დადგენილებით მიემართოს ფეხბურთის განვითარების ფონდში. ასევე როგორც ჩანს მომავალი წლის ბიუჯეტშიც ჩვენ უნდა ავსახოთ თანხები და ეს ფონდი რად გვინდა საერთოდ, ეს ვერ გამიგია." – აღნიშნა გოგუაძემ.
დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ კლუბში არსებული ძველი დავალიანებების ბედზე გაამახვილა ყურადღება და იკითხა, თუ ვინ უნდა გადაიხადოს ეს ვალები? საუბარია დაახლოებით 400 ათას ლარზე, რომლის გადახდის ვალდებულება, ბუნებრივია, ფონდს არ გააჩნია. ისე ჩანს, რომ მალე დადგება დრო, კლუბის ძველი თანამშრომლები სასამართლოს ან სულაც ფეხბურთის დავების ტრიბუნალს მიმართავენ და სამართლებრივი გზებით ეცდებიან თანხების მიღებას. საიდან უნდა დაიფაროს ეს ვალდებულებები, გაუგებარია.
საგულისხმო შეკითხვა დასვა დეპუტატმა ნონა მურვანიძემ, რომელმაც აღნიშნა, გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა ეს ფონდი და თუ ეს იცოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, დანაშაული ჩაიდინა ისედაც მწირი ბიუჯეტი კიდევ რომ დაამძიმა და მილიონ ლარზე მეტი თანხა გამოუყო კლუბსო.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ დეპუტატების ამ კითხვებზე პასუხი შეძლებისდაგავარად გასცა.
"რა გინდათ, ამ ფონდის შექმნასაც მე მაბრალებთ? მე საქმის კურსში ჩავაყენებ ფონდის ხელმძღვანელებს, მაგრამ აქ ჩამოსვლა მათი ნებაა და ვერ ვაიძულებ. დავალიანებას რაც შეეხება, ფონდმა 100 ათასი ლარი უკვე ჩამოგვირიცხა და ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დავალიანებების დაფარვას მოხმარდა. კლუბის ხელმძღვანელობას ყველა ინფორმაცია გააჩნია და თუ გაინტერესებთ, დავუძახოთ და ყველა საკითხზე პასუხს მიიღებთ.რა შეეხება ფონდს, მისი დაფუძნება კი ვიცოდით, მაგრამ ეს ფონდი რას იზამდა და რა პროგრამას შეიმუშავებდა, ეს საიდან უნდა გვცოდნოდა?"– თქვა ურუშაძემ.
მისი საუბრიდან, ასევე გამოიკვეთა ბანკის ნარჩენი დავალიანების პრობლემატურობა. აღმოჩნდა, რომ 45 ათასი ლარია ამ კუთხით გასასტუმრებელი და როგორც გამგებელი ბრძანებს, არც ამ თანხის გადახდა ევალება აღნიშნულ ფონდს და გამოდის, ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს ეს ანგარიშსწორება.
კლუბის ფინანსურ დირექტორთან, თენგიზ კიკვაძესთან ვცადეთ ამ თანხების ბედის გარკვევა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ გარკვეულ დავალიანებებს ფონდი არ ცნობს.
"ძველი დავალიანების დაფარვა არა ფონდის, არამედ ა(ა)იპის ვალდებულებაა და უახლოეს დღეებში თბილისში მივდივართ და ფონდში ყველა დოკუმენტაციას წარვადგენთ. იქ შევთანხმდებით საბოლოოდ და წინასწარ ვერაფერს გეტყვით, თუ რა როგორ იქნება" – გვითხრა კიკვაძემ.
ფონდისა და მუნიციპალიტეტის ურთიერთობა ბევრ კითხვას ბადებს. თუ ფეხბურთის განვითარების პროგრამას მოვიშველიებთ, ფონდმა მიმდინარე სეზონში კლუბს 800 ათასი ლარი უნდა ჩაურიცხოს საბაზისოდ, ხოლო გარდამავალ ჩემპიონატში – 600 ათასი ლარი. არ ვსაუბრობთ საბონუსე და სამოტივაციო თანხებზე, რომლებიც გარკვეული რაოდენობით უნდა ერგოს კლუბს. ამ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ლარი უნდა გადავიდეს ბიუჯეტიდან ფონდში, ფონდიდან კი მარტო "გურიას" მინიმუმ მილიონ 400 ათასი ლარი უნდა დაუბრუნდეს. ამაში არ შედის იმ ორი ა(ა)იპის დაფინანსება, რომლებმაც წლის ბოლომდე უნდა იფუნქციონირონ.