ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გოჩა თოდრია სამეწარმეო საქმიანობას, კომპანია "G&G-ს" სახელით რამდენიმე წელია, ეწევა. კოალიცია "ქართული ოცნების" ხევის მაჟორიტარ დეპუტატს ამ საქმიანობას კანონი არ უკრძალავს და მას ბიზნესი "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ დაუწყია. "G&G" ტენდერებში სხვა, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც მონაწილეობს.
ამის პარალელურად, დაგროვდა დაუმთავრებელი ობიექტები, მუშებისთვის გაუცემელი ხელფასები…
_ აღარ ვიცით, ვის მივმართოთ. ჩოხატაურის გამგეობა ბევრჯერ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ვთხოვეთ, რომ დაგვეხმარონ დავალიანების აღებაში. ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, მუშები, რომლებიც ოჯახებს ჩვენი შრომით ვარჩენთ. არც გვიფიქრია, რომ მოგვატყუებდა. მთავრობის წარმომადგენელია, უამრავი პროექტი აქვს და რას ვიფიქრებდით, თუ ასეთ დღეში ჩაგვაგდებდა, _ ამბობენ "გურია ნიუსთან" ჩოხატაურში მცხოვრები ხელფასმიუღებელი მუშები. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თოდრია ბევრ პროექტს იგებს, მუშებს ანაზღაურებას არ უხდის:
_ ვეჭვობთ, რომ მის უკან ხელისუფლება დგას. ეს დღეს და გუშინ დაწყებული თემა არ არის _ შარშანდელი ვალებიც კი გაუსტუმრებელი აქვს. მივედით გამგეობაში და ვთხოვეთ დაგვხმარებოდნენ ამ საკითხის მოგვარებაში, თუმცა, უარი გვითხრეს _ ჩვენ რა შუაში ვართ, არ გვაქვს უფლება ინდმეწარმეს ხელფასის გადახდა დავავალდებულოთო. იმის უფლება ხომ აქვთ, პროექტებს რომ აძლევენ და ჩვენ, გაჭირვებულ ხალხს ჩვენი ნაშრომის ანაზღაურების აღებაში დაგვეხმარონ, ამის უფლება არ აქვთ? ჩვენც პრობლემები გვაქვს თოდრიასთანო, ამბობენ. პრობლემები თუ აქვთ, ახალი ტენდერების მოგების საშუალებას რატომ აძლევენ, ხელშეკრულებას რატომ უფორმებენ? ხელისუფლებას ვთხოვთ, ჩვენი ნამუშევრის აღებაში დაგვეხმაროს, ნუ დაგვიტოვებენ შვილებს მშიერს! _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას მოქალაქეები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ გამგეობა კომპანიის და მუშების დავაში ვერ ჩაერევა:
"აღნიშნულ საკითხს შემსყიდველ ორგანიზაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს საკითხი შპს "G&G-ს" მოსაგვარებელია და მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნულ საკითხებში ვერ ჩაერევა. რადგან ეს საკითხი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის," _ აღნიშნულია ირაკლი კუჭავას მიერ მოწოდებულ კომენტარში.
კუჭავა ამბობს, რომ "გამგეობა არაკანონიერ გარიგებაში არ შეიძლება იყოს შპს "G&G"-სთან, რადგან ყველა პროცედურა მიმწოდებელთან მიმართებაში გახორციელებულია საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" სრული დაცვით."
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, რომ მიმწოდებლისთვის შემსყიდველ ორგანიზაციას არანაირი შეღავათები არ გაუწევია. თუმცა, ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტები და ფაქტები სხვა ვარაუდის საფუძველს იძლევა; მაგალითად, 2015 წლის 25 ნოემბერს, ირაკლი კუჭავასა და გოჩა თოდრიას შორის გაფორმებულია შეთანხმება (#178 ხელშეკრულების დანართი), რომლის თანახმადაც, კომპანიას, 2015 წლის 27 ივლისის #178 ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების _ სოფელ დაბლაციხეში კოტრიკაძეების უბანში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის აღდგენის, სოფელ დაბლაციხეში კოტრიკაძეების უბანში გამორეცხილ მონაკვეთზე გაბიონის დეზისა და ხრეშის დამბის მოწყობის, სოფელ დაბლაციხეში ჯინჭარაძეების უბანში ეზოს დამეწყრილი მონაკვეთის აღდგენის, სოფელ დაბლაციხეში პაიჭაძეების უბანში მისასვლელი გზის შეკეთების, სოფელ დაბლაციხეში ზაზა ცინცაძის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების და მილების მოწყობის, სოფელ დაბლაციხეში წისქვილის არხის აღდგენის სამუშაოების შესრულების ვადა, 2015 წლის 20 ნოემბრის ნაცვლად, 2015 წლის 30 დეკემბრამდე გაუზარდეს.
გამგებელი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ბიუჯეტიდან ზედმეტი ხარჯის გაწევა არ უნდოდა. კუჭავა ამბობს, რომ ხელშეკრულების გაგრძელების ვადა მიღებული პრაქტიკაა იმ შემთხვევაში, თუკი სიტუაციის გამოსწორების შანსი არსებობს. იმ შემთხვევაში კი, თუ მეწარმესთან ხელშეკრულება გაწყდება, ხელახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს და დამატებითი თანხებია საჭირო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, შპს "G&G"-ს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2015 წელს, დადებულია ტენდერის საშუალებით, #114, #118, #121, #176, #177, #178 ხელშეკრულებები (6 ხელშეკრულება) და განკარგულების შესაბამისად #204 და #276 ხელშეკრულებები (2 ხელშეკრულება).
N114 ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის შპს "G&G"-ს ინსპექტირების ჯგუფმა დააკისრა ჯარიმის სახით პირგასამტეხლო 3 674,79 ლარი, #178 ხელშეკრულებაზე დაეკისრა ჯარიმის სახით 178 ლარი, #121 ხელშეკრულებაზე _ 841,64 ლარი; ასევე, ჯარიმის ქვემდებარეა #118 და N204 ხელშეკრულებები. სულ ჯარიმის სახით შპს "G&G-ს" დაეკისრა 4 693,7 ლარი.
გამგებელი განმარტავს, რომ შპს "G&G"-ს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტენდერებში და შემსყიდველი ორგანიზაცია (გამგეობა) შეზღუდვის არავითარ ბერკეტს არ ფლობს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შეზღუდვის კუთხით. გამარჯვებულს ავლენს ელექტრონული სისტემა და ჩვენ არ გვაქვს არავითარი უფლება, ავუკრძალოთ ამა თუ იმ მიმწოდებელს ტენდერში მონაწილეობა, თუ მას არ ზღუდავს საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავა.
"G&G-ის" გარდა, "გურია ნიუსი" სხვა კომპანიების შესახებაც არაერთხელ წერდა, რომ ისინი უხარისხოდ ასრულებდნენ სამუშაოებს, მაგრამ მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ისინი ამ დრომდე არ შეუყვანიათ ე. წ. შავ სიაში, რაც კომპანიას/შემსრულებელს ერთი წლის განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემს:
_ "შავი სია" წარმოადგენს შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრს, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს. "შავ სიაში" აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც "შავ სიაში" შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით გახორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის "შავ სიაში" დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. თუკი კომპანიასთან დაკავშირებით არსებობს ზემოთხსენებული რომელიმე საფუძველი, ის "შავ სიაში" აუცილებლად უნდა იყოს შეყვანილი, _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" საუბრისას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ "შავ სიაში" ჩასმის საკითხს შესყიდვების სააგენტო წყვეტს:
_ ამ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე.
_ და თქვენ რატომ არ გაუგზავნეთ მასალები?
_ მხოლოდ ერთი ხელშეკრულება შეუწყდა გოჩა თოდრიას, რომელიც სოფელ სურებში დაუსრულებელ სამუშაოს ეხებოდა.
_ ბატონო ირაკლი, "შავ სიაში" მეწარმის ჩასმა შესაძლებელია მაშინაც კი, თუკი ის არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრს ვალდებულებებს. ასეთი ფაქტები ბევრი გქონდათ და რატომ ამ დრომდე არ მიმართეთ სააგენტოს?
_ სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდით, რომ ვერ ასრულებდა ნაკისრს ვალდებულებას, ვერ მივმართავდით, _ განმარტავს გამგებელი.
ამის მიუხედავად, მიმდინარე წლის 25 მარტს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, შპს. "G&G-ს" მიერ სოფელ შუა ამაღლებაში გაკეთებული კულტურის სახლი მიღება- ჩაბარების კომისიამ ისე ჩაიბარა, რომ კითხვები არ გასჩენია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვითაა შესრულებული, თუმცა ჩვენი იქ მისვლისას გაირკვა, რომ კულტურის სახლში ელექტროენერგია არ არის, რაც ხელშეკრულების და ხარჯთაღრიცხვის თანახმად უნდა გაკეთებულიყო.
მიღება-ჩაბარების კომისიის თავმჯდომარე, გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერია ამბობს, რომ ეს გამოსწორებადია და კომპანიის ხელმძღვანელი, გოჩა თოდრია, მას შემდეგ, რაც გამგეობა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ჩაურიცხავს ენერგო პრო ჯორჯიას მრიცხველის თანხას გადაურიცხავს.
_ ობიექტი დასრულებულია, მხოლოდ მრიცხველია დასამონტაჟებელი, რომელიც "ენერგო პრო ჯორჯიამ" უნდა შეასრულოს და მას თავისი ვადები აქვს, _ აღნიშნა ჟღერიამ ჩვენთან საუბრისას.
_ გამგეობის წინაშე ვალდებულება გოჩა თოდრიას ჰქონდა და არა "ენერგო პრო ჯორჯიას".
_ თანხა ჩაირიცხება უახლოეს დღეებში ინდმეწარმის ანგარიშზე და ის გადარიცხავს კომპანიაში, რის შემდეგ მრიცხველი დამონტაჟდება.
_ თქვენი ვალდებულება ხომ დასრულებული ობიექტის ჩაბარებაა?
_ თუ არ გაკეთდება ამაზე შემდგომ ვისაუბროთ. იქ მხოლოდ მრიცხველია დასამონატაჟებელი. მე ვარ პასუხისმგებელი, რომ უახლოეს დღეებში გაკეთდება. რაც შეეხება თანხის ჩარიცხვას და ოქმის შედგენას _ ხელშეკრულების ვადა იწურებოდა, რომელიც კომპანიასა და გამგეობას შორისაა დადებული. "ენერგო პრო ჯორჯიას" კი, როგორც გითხარით თავისი ვადები აქვს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და ამის გაკონტროლება გამგეობის ფუნქციაა: _ კომისია ვალდებულია ჩაიბაროს ხარისხიანად და სრულად შესრულებული სამუშაო. თუკი რაიმე პრობლემაა, ხარვეზია, მიღება-ჩაბარების აქტს კომისიამ ხელი არ უნდა მოაწეროს. აქ ორი საკითხი იკვეთება _ ან კორუფციული გარიგება ან არაკომპეტენტურობა. გეტყვით იმასაც, რომ კორუფციული გარიგება მხოლოდ ფულის აღებას არ ნიშნავს _ ეს შეიძლება იყოს მეგობრული ურთიერთობები და ამის გამო რაღაცაზე თვალის დახუჭვა, ნეპოტიზმი და ასე შემდეგ, _ გვითხრა ტრაპაიძემ.
რაც შეეხება გოჩა თოდრიას პოზიციას, "G&G"-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტენდერში მონაწილეობა ყველას შეუძლია.
_ დავალიანება არ ნიშნავს, რომ კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი. მე მხოლოდ ორი ხელშეკრულება მაქვს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაფორმებული. ერთი ობიექტი ჩაბარებული მაქვს, მეორეზე კი ხელშეკრულება შემიწყვიტეს, რადგან სამუშაოების დასრულება ვერ მოვახერხე. კიდევ ერთხელ გავმარტავ, რომ ტენდერში მონაწილეობა ყველას შეუძლია და ამისთვის თანამდებობა სულაც არაა საჭირო. მე შემიძლია ათ ტენდერში მივიღო მონაწილეობა ერთად და შეიძლება ერთი მოვიგო ან სუყველა. არანაირი გარიგება და კორუფცია აქ არ არსებობს. კორუფციის გამო სხვას მივსდევდი, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას თოდრია.
იგი მუშების მიმართ არსებულ დავალიანებებს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ეს ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული:
_ რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლების დავალიანება მართლაც მაქვს. სოფელ გუთურში მცხოვრები ადამიანების მიმართ უშუალოდ მე არ მაქვს დავალიანება, ჩემი ტენდერი არ ყოფილა; რაც შეეხება დანარჩენს, ჩემმა ფირმამ თავის დროზე ვერ შეასრულა სამუშაო, წავედი ჯარიმაზე და რადგანაც თანხა არ ჩამომირიცხეს, ვერ გავეცი ხელფასი. წიფნარში ახლა დავასრულეთ მოსაცდელი და ის თანხაც ჯერ არ მაქვს ჩამორიცხული. შუალედურიდან მაქვს სამი ადამიანის დავალიანება. სოფელ სურებში 5000 ლარი დახარჯული მაქვს, ვერ მოვახერხე იქ ქვიშის და ცემენტის ატანა, რადგან რთული ადგილია. შემიწყდა ხელშეკრულება და ის თანხაც არ ამიღია. დამრჩა ერთი ადამიანის დავალიანების ნაწილი და მალე გავისტუმრებ. ასევეა ამაღლებაშიც.
_ ის ადამიანები, რომლებიც თქვენგან ხელფასებს ელოდებიან, მიიჩნევენ, რომ თქვენს უკან ხელისუფლება დგას, რადგან მიუხედავად არსებული პრობლემებისა, დღემდე არ ჩაგსვეს ე.წ. "შავ სიაში"…
_ მსვამენ "შავ სიაში". ვესაუბრე შესყიდვების სამსახურის უფროსს და მითხრა, რომ დოკუმენტებს მალე გააგზავნიან სააგენტოში. პასუხი მე მომთხოვეს მოსაცდელებზე, 10 000 ლარი დამაკლეს. ამაზე მეტი პასუხი რა უნდა მომთხოვონ?!
_ ბატონო გოჩა, შუა ამაღლებაში, კულტურის სახლში, ელექტროენერგია არ არის შეყვანილი, თუმცა, ობიექტი დასრულებულად ჩაიბარეს…
_ დაუსრულებელია. იქ მხოლოდ მრიცხველია დასამონტაჟებელი და მალე გაკეთდება.
გოჩა თოდრია ამბობს, რომ მის მიერ შესრულებული ყველა სამუშაო ხარისხიანია და ამაზე პასუხისმგებლობასაც იღებს.