გიორგი გაბრიელაშვილი, რომელიც სასამართლოში ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭების საქმეზე გამოდიოდა, ხელისუფლებამ დააწინაურა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა.
დღეს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები შალვა თადუმაძე და ალექსანდრე ბარამიძე ჟურნალისტებს შეხვდნენ. მათი განცხადებით, “მაისის დასაწყისში, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. მათი მოთხოვნაა: 1 – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნის ბათილად ცნობა; 2 – პრეზიდენტის დავალდებულება, გამოსცეს ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ”.
ადვოკატების განმარტებით, “2012 წლის 4 აპრილს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოსცა დასკვნა, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თითქოს არ შეეძლო მიემართა საქართველოს პრეზიდენტისთვის განცხადებით საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე. სააგენტოს დასკვნა ეწინააღმდეგება “საქართველოს მოქალაქეთა შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის დებულებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა, თავისი უმოქმედობით, უხეშად დაარღვია “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმად სწორედ პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას პირის საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იგი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში _ განკარგულებას”.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 5 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე.
ივანიშვილის ადვოკატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, გიორგი გაბრიელაშვილი, რომელიც სასამართლოში ამტკიცებდა ივანიშვილს არ უნდა მინიჭებოდა საქართველოს მოქალაქეობა, იუსტიციის წარმომადგენელი იყო, ამისთვის წაახალისეს და თანამდებობაც მიიღო.
_ ბატონო შალვა, თქვენ განაცხადეთ რომ ივანიშვილის სასამართლო პროცესების შემდეგ, გაბრიელაშვილი რომელიც სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი იყო, ხელისუფლებამ დააწინაურა.
_ იგი სასამართლო პროცესზე გამოდიოდა. სადაც ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობა არ ეკუთვნის, ხოლო ეკატერინე ხვედელიძეს კანონიერად ჩამოვართვით მოქალაქეობაო. მოგვიანებით, ისევ გიორგი გაბრიელაშვილმა დაგვიწერა დასკვნა, სადაც წერია: ივანიშვილს ერთმაგი მოქალაქეობა არ ეკუთვნის და ეკუთვნის ორმაგი მოქალაქეობაო. ასეთი ტიპის საჯარო მოხელეა. ამ საქციელის გამო ის წახალისდა და სამოქალაქო რეესტრში ხელმძღვანელად დაინიშნა. თუ ის თვლის, რომ ეკუთვნის ორმაგი მოქალაქეობა, მაშინ მობრძანდეს სასამართლოში, დაწეროს განცხადება და სარჩელი აღიაროს, რომ ჩვენი მოთხოვნა არის კანონიერი და ბიძინა ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობა აღუდგება.
_ ხელისუფლებაში საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობაზე არ უნდა შეეტანა მოთხოვნა.
_ ვინ თქვა ეს?!
_ ხელისუფლების წარმომადგენლებმა…
_ ხელისუფლების წარმომადგენლები რაზე საუბრობენ, არ ვიცი. ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის შესაბამისად. მათ ჰქონდათ ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინათ. ახლა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ არასწორად მივმართეთ. ჯერ ერთი, ეს 5 იანვარს უნდა გარკვეულიყო კანცელარიაში, სად უნდა მიემართა ადვოკატს და მეორე _ გიორგი გაბრიელაშვილმაც იცის ჩემი კვალიფიკაცია და მეც ვისი მისი კვალიფიკაცია. საუბარი იმაზე, რომ მე არასწორად შევიტანე, ცოტა უხერხულია. საქმე მარტივად არის. მათ ვერაფერი მოძებნეს, გაბრიელაშვილმა აიღო თავის თავზე ის, რაც აიღო და ამისთვის ის წახალისდა. მან დაწერა სულელური დასკვნა, თურმე არცერთ მუხლს არ ეწინააღმდეგება.
_ თქვენ მიმართეთ სასამართლოს პრეზიდენტის დავალდებულების შესახებ და ფიქრობთ, ეს შედეგს გამოიღებს?
_ პრეზიდენტს ჩვენ არ ვავალდებულებთ. პრეზიდენტი ვალდებულია კანონის მიხედვით. როდესაც პრეზიდენტმა იცის, რომ არ არსებობს ის სამი კრიტერიუმი, რის გამოც ივანიშვილს მოქალაქეობა არ მიენიჭა, უნდა გამოსცეს ბრძანებულება და იგი მიიღოს საქართველოს მოქალაქედ. ეს საკანონმდებლო ვალდებულებაა და არა ჩვენი.
_ როდესაც საუბარია იმაზე, რომ იურისტების მხრიდან ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებაზე მიმართვა იყო არასწორი?
_ არაკვალიფიციურად საუბრობენ.
_ რამდენად რეალურია თქვენი მოთხოვნა სასამართლოში, რომ პრეზიდენტმა გამოსცეს ბრძანებულება?
_ რეალურია. არ ვაყენებთ მოთხოვნას, ვაძლევთ მითითებას. ადრეც უნდა გამოეცა, რადგან კანონი ავალდებულებს.
_ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ პრეზიდენტმა მოქალაქეობასთან დაკავშირებით არცერთი ვალდებულება არ შეასრულა, რა გარანტია არსებობს, რომ ამ ვალდებულებას შეასრულებს?
_ ეს მისი პრობლემაა.