“საქართველოს რკინიგზის” უფროსის მამუკა ბახტაძის ოჯახის საკუთრებაში ორი მიწის ნაკვეთი და ორი საცხოვრებელი სახლია. ხოლო ოჯახის წლიური შემოსავალი 293 431 ლარია.
ამის შესახებ ბახტაძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.
დეკლარაციის მიხედვით, მამუკა ბახტაძეა მცხეთაში, კოსმონავტების ქუჩაზე მდებარე 355.05 კვ.მ-ის საცხოვრებელი სახლის და ამავე მისამართზე არსებული 670.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის 100%-იანი მფლობელი.
ხოლო მამა, გივი ბახტაძე ფლობს ხონში, გეგიას ქუჩაზე მდებარე 3743.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთსა და ამავე მისამართზე 282.10 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათი წლიური შემოსავალი 293 431 ლარია.
კერძოდ, მამუკა ბახტაძეს სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის პოსტიდან 225 134.00 ლარი აქვს აღებული; შპს “ჯორჯია ტრანზიტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 45 905.00 ლარი, ხოლო შპს “ჯრ ტრანზიტ ლაინის” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “ჯორჯია ტრანზიტი” და შპს “ჯრ ტრანზიტ ლაინი” საქართველოს რკინიგზის მიერ დაფუძნებული კომპანიებია) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 18 552.00 ლარი, რაც ჯამში 289 591 ლარია.
დეკლარაციის მიხედვით, დედას, მანანა ნანიტაშვილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგის პოსტიდან 3840.00 ლარი აქვს მიღებული.
2016 წლის 23 მარტს, დეკლარაციის შევსების მომენტში მამუკა ბახტაძეს “ვი–თი–ბი” ბანკის მიმდინარე ნაგრაიშზე 28419.11 ლარი; საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 10258.25 დოლარი; ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 6625.41 ლარი; “რესპუბლიკა” ბანკის სახელფასო ანგარიშზე 54.21 ლარი; ხოლო “თი–ბი–სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 1.47 დოლარი ჰქონდა.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 2012 წელს მამუკა ბახტაძემ საქართველოს ბანკიდან 10 000.00-ლარიანი სესხი აიღო, რისთვისაც გასულ წელს 1 361 ლარი პროცენტში გადაიხადა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მამუკა ბახტაძის 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ მამის, გივი ბახტაძის საკუთრებაში კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი იყო, წყნეთში, ნუშის ბაღის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 4214.00 კვ.მ-ია. 2015 წლის დეკლარაციაში ამავე მიწის ნაკვეთის ფართობად უკვე 1207 კვ.მ-ია მითითებული. გაასხვისა თუ არა ბახტაძემ მიწის ნაკვეთი, დეკლარაციაში აღნიშნული არ არის, არც ის არის მითითებული, ჰქონდა თუ არა მას ამ გასხვისებიდან რაიმე შემოსავალი მიღებული.
გარდა ამისა, 2014-2015 წლების დეკლარაციებში აღნიშნულია, რომ მამუკა ბახტაძის საკუთრებაში მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA იყო, თუმცა, 2016 წლის დეკლარაციაში მანქანა აღარ წერია.
რაც შეეხება ბახტაძის წინა წლების შემოსავლებს, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის 2014 წლის შრომის ანაზღაურებამ 248 652 ლარი შეადგინა, საიდანაც მას რკინიგზის დირექტორის პოზიციაზე მიღებული აქვს 186 780 ლარი, შპს “ჯორჯია ტრანზიტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციაზე – 43 308 ლარი, ხოლო შპს “ჯრ ტრანზიტ ლაინის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციაზე – 18 564 ლარი.
2013 წელს კი, მამუკა ბახტაძეს შემოსავალის სახით სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის თანამდებობიდან 194 925.93 ლარი, ხოლო შპს ჯორჯია ტრანზიტი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტიდან 46 409.00 ლარი აქვს მიღებული.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყებიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ რკინიგზის დირექტორს სრული კანონიერი უფლება აქვს ხელფასის სახით მიიღოს გასამრჯელო სხვა საწარმოდან, რომელშიც იგი გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს.
“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი ცალსახად ადგენს, რომ ზემოხსენებული კანონის მხოლოდ IV თავის მიზნებისათვის ტერმინი “თანამდებობის პირი” გულისხმობს: “იმ საწარმოს ხელმძღვანელს, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი” – “გ” პუნქტი. თავის მხრივ IV თავი ეხება “ეკონომიკური ინტერესის განცხადებას და გამოქვეყნებას“, შესაბამისად რკინიგზის დირექტორს/ხელძღვნელს სრული კანონიერი უფლება აქვს ხელფასის სახით მიიღოს გასამრჯელო სხვა საწარმოდან, რომელშიც იგი გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს. ასევე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ არც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო მოსამსახურეს არ წარმოადგენს რკინიგზის დირექტორი ისევე როგორც ამ კანონის შესაბამისად სს “საქართველოს რკნიგზა” არ წარმოადგენს “საჯარო დაწესებულებას“, _ აღნიშნავენ რკინიგზაში.
მიუხედავად ასეთი განმარტებისა, სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიების გაუმჭვირვალობის შესახებ არასამთავობო ორგანიზაციებიც აცხადებენ. კერძოდ, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ 2016 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ 2010-2015 წლებში IDFI-ის მიერ განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგების მიხედვით,ყველაზე ნაკლები ანგარიშვალდებულება გამოიკვეთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მხრიდან.
სახელმწიფო კომპანიების არასაკმარის გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე ხაზგასმით არის საუბარი აგრეთვე, სახელმწიფო აუდიტის მიერ 2015 წელს განხორციელებულ სახელმწიფო საწარმოების მართვის და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტში, სადაც აღნიშნულია, რომ არსებული სისტემები საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას შეაფასოს სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა და დაინახოს აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემები.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების გაუმჭვირვალე საქმიანობა აჩენს კორუფციის, ნეპოტიზმის და ინტერესთა შეუთავსებლობის მნიშვნელოვან რისკებს.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” იურისტი ნინო მერებაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას განმარტავს, რომ “ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დათქმა, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს განსაზღვრავს, საქართველოს რკინიგზის დირექტორზე არ ვრცელდება.
მერებაშვილი ამბობს, რომ ბახტაძე საჯარო მოსამსახურე არ არის, თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს კანონის ხარვეზია და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებზე, “ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონი უნდა გავრცელდეს, რათა ინტერესთა კონფლიქტი ამ შემთხვევაშიც ავიცილოთ თავიდან.
“ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მეორე მუხლში ჩამოთვლილია თანამდებობის პირები ვინ არიან. სწორედ აქ არის აღნიშნული, რომ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს. აქ იგულისხმება ეკონომიკური ინტერესების განცხადება, რაც გულისხმობს დეკლარაციის შევსებას. სწორედ აქედან გამომდინარე, ევალებათ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს-ების დირექტორებს თუ ხელმძღვანელებს, შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები.
რაც შეეხება ინტერესთა შეუთავსებლობას, ეს არის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით განმარტებული და აქ იგულისხმება ის, რომ საჯარო მოსამსახურეს არა აქვს უფლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან იღებდეს სხვა რაიმე შემოსავალს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი როდესაც ამაზე საუბრობს, ის მიუთითებს მხოლოდ საჯარო მოსამსახურეებზე, საჯარო მოსამსახურე კი არ არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს-ს ხელმძღვანელი პირი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს. შესაბამისად, მათზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება. თუმცა, ბუნებრივია, უკეთესი იქნება, რომ ის საჯარო მოსამსახურე იყოს. ეს შეიძლება კანონის ხარვეზადაც მივიჩნიოთ, რადგან ეს პირები არიან გადაწყვეტილების მიმღებები, მნიშვნელოვანი პოზიციები უკავიათ და ამასთანავე, ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას გათანაბრებულები არიან თანამდებობის პირების სტატუსთან. შესაბამისად, კარგი და გამჭვირვალე მმართველობის დასამტკიცებლად უკეთესი იქნება მათზეც თუ გავრცელდება ინტერესთა შეუთავსებლობის კანონის შესაბამისი დათქმები”, _ აღნიშნავს მერებაშვილი.
რაც შეეხება მეორე საკითხს, რაზეც “გურია ნიუსმა” “საქართველოს რკინიგზიდან” ინფორმაცია გამოითხოვა, თუ რატომ არ არის ასახული მამუკა ბახტაძის დეკლარაციაში მამის, გივი ბახტაძის საკუთრებაში არსებული წყნეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც წინა წლების დეკლარაციაში არის, რკინიგზიდან გამოგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ რადგან ბახტაძე არ ცხოვრობს მშობლებთან, ის არ იყო ვალდებული მშობლების ქონება დეკლარაციაში მიეთითებინა.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მამუკა ბახტაძის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც მან 2016 წელს შეავსო, მამის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება, გარდა წყნეთში მდებარე მიწის ნაკვეთისა, ასახულია.
“მამუკა ბახტაძე, მართალია, ხშირი სტუმარია საკუთარ მშობლების, თუმცა 2014 წლიდან აღარ ცხოვრობს მშობლებთან ერთად, შესაბამისად, “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად მამუკა ბახტაძე საერთოდ არ იყო ვალდებული განეხორციელებინა გივი ბახტაძის ქონების ასახვა დეკლარაციაში. რაც შეეხება ავტომობილს, რომელიც ბახტაძის დეკლარაციაში წინა წლებში იყო აღნიშნული, “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 თავის მე-15 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოძრავი ნივთის საფასური 10 000 ლარს არ აღემატება, პირს დეკლარაციაში შეტანის ვალდებულება არ აქვს”, _ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზიდან “გურია ნიუსისთვის” გამოგზავნილ წერილში
ამავე თემაზე:
მოწმდება თუ არა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის სიზუსტე
იყო თუ არა “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი “ნაცმოძრაობის” შემწირველი
დაარღვია თუ არა კანონი ოზურგეთის გამგებელმა
კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
“შსს თანამდებობის პირთა დეკლარაციებში სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ეფექტურად არ რეაგირებს“
საკრებულოების თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობა კომერციულ საქმიანობაში
თანამდებობის პირების დეკლარაციების სიზუსტეს არავინ ამოწმებს
რომელი მაღალჩინოსნების დეკლარაციები არ იძებნება
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენასთან დაკავშირებული დარღვევები