სოციალური ქსელის მომხმარებელმა ირაკლი ჩორგოშვილმა გუშინ ფეისბუქის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც დეტალურად აღწერდა შორენა ბეგაშვილის არასრულწლოვანი გოგონას მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ არსებულ მდგომარეობას. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას არაპროფესიონალიზმსა და სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებდა. რამოდენიმე მედიასაშუალებამ "შემთხვევის მოწმის" სტატუსი უცვლელად გამოაქვეყნა.
"ვფიქრობ, ყველამ იცით რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ, როდესაც ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა მე5-ე სართულიდან. მე პირადად შევესწარი ამ ფაქტს და მინდა ჩემს თვალწინ განვითარებულ მოვლენებს შევეხო, კერძოდ კი სასწრაფო დახმარების მუშაობის არაპროფესიონალიზმს, არაკომპეტენტურობასა და გულგრილ მიდგომას. ახლა, დამშვიდებულ გონებაზე შევეცდები ზუსტად აღვწერო განვითარებული მოვლენები.
შემთხვევის დადგომიდან 2-3 წუთში, 6:29 წუთზე დავრეკე 112 Gეორგია/112 საქართველო და შევატყობინე მომხდარის შესახებ, აქვე ვუთხარი რომ გოგონა ცოცხალი იყო და მას სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება. მითხრეს რომ ბრიგადა გამოსული იყო და მალე მოვიდოდა, თუმცა ეს მალე გაიწელა დაახლოებით 22-23 წუთი. პერიოდულად ვრეკავდი 112-ში და ვეკითხებოდი სად იყო იყო სასწრაფო დახმარება და რატომ უნდებოდა ამდენი ხანი ადგილზე მისვლას, ოპერატორმა მომახსენა რომ ბრიგადა სხვა გამოძახებაზე იყო და იქიდან მოდიოდა…
გამოსული ვიყავი ქუჩაში სასწრაფოს დასახვედრად და ბოლოს როგორც იქნა დავინახე სასწრაფო, რომელმაც პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოუხვია და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მოსეირნობდა, მოყვებოდა მის წინ მიმავალ მანქანას მშვიდად და აუღელვებლად, არ ჰქონდა ხმოვანი სიგნალი ჩართული და რომ არა ჩემი და პატრულის (პატრულის ეკიპაჟი დაახლოებით 10 წუთში ადგილზე იყო) ძახილი და ხელების ქნევა სხვა ქუჩაზე აუხვევდა. მიუხედავად ამისა ერთი წამითაც არ უფიქრია აჩქარებულიყო და ასევე ზანტად გააგრძელა ჩვენი მიმართულებით მოძრაობა. მას შემდეგ რაც ადგილზე მივიდნენ და გოგონას გაუკეთეს დამამშვიდებელი (ჩემი ვარაუდია), საკაცეზე გადააწვინეს ისე რომ კისერი არ დაუფიქსირეს…“-წერს ჩორგოშვილი.
დღეს თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც ზემოთაღნიშნულ ფქტს უარყოფს და ხოლო ავტორს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.
"31 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაცია, სადაც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე დაგვიანებით მისვლასა და გულგრილობაში იყო დადანაშაულებული. მოგვიანებით ეს ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც ისე გაავრცელა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაღებად არ მოუმართავს. საუბარია მოზარდ გოგონაზე, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტს მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც სტატუსის ავტორი წერდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 22-23 წუთის დაგვიანებით მივიდა.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ცენტრმა დეტალურად შეამოწმა ბრიგადის მოძრაობის გრაფიკი. როგორც დოკუმენტურად დადგინდა, აღნიშნული გამოძახება 26 მარტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 18:32:37 სთ-ზე მიიღო და პაციენტთან 10 წუთში მივიდა (მისვლის დრო: 18:42:14 სთ.). მოზარდს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი მანიპულაციებიდა 18.52-სთ-ზე დაიწყო პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პროცესი.
რაც შეეხება ექიმების მიერ პაციენტისთვის აღმოჩენილი გადაუდებელი დახმარების პროცესის მიმდინარეობის საკითხს, იგი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შესწავლის სტადიაშია."– ნათქვამია სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.