პატიმარი ილგარ მამედ-ზადე სასჯელს ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებაში, იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება-შენახვისათვის იხდის.
მის საკმაოდ გახმაურებულ ისტორიაში ახალი ეტაპი დადგა _ მამედ-ზადე და მისი ადვოკატი, თედო კობახიძე შიშობენ, რომ, შესაძლოა, პატიმარმა საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი, მსჯავრდებული კახაბერ თედლიაშვილის ბედი გაიზიაროს. ეჭვის საფუძველს კი მამედ-ზადეს მიერ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ზ17 დაწესებულების ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ მიცემული ჩვენება ამყარებს.
ადვოკატი და პატიმარი კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ასახელებენ და მოითხოვენ სასწრაფოდ იქნას გამოძიებული პროკურატურაში მამედ-ზადეს ცემის ფაქტი.
საჩივარში რვა პიროვნებაა მოხსენიებული: გაგა მკურნალიძე, ლაშა ბრეგვაძე, ავთანდილ კენკებაშვილი, დავით ბუხრაშვილი, იოსებ ალადაშვილი, ბადრი ფანქველაშვილი, ზურაბ აფციაური და ოთარ კვაჭაძე. ეს უკანასკნელი „სახალხო დამცველის“ აპარატის წარმომადგენელია, რასაც თავად „სახალხო დამცველის“ ოფისშიც ადასტურებენ, თუმცა, ამ ეტაპზე საქმის ვითარებაში გაურკვევლობის მიზეზით, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატმა თედო კობახიძემ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების დირექტორი, დავით მარგებაძე, ოფიციალური განცხადებით ჩააყენა საქმის კურსში.
დავით მარგებაძის მიმართ გაგზავნილ განცხადებაში ადვოკატი წერს: „მსჯავრდებული, მოწმე ილგარ მამედ-ზადე აცხადებს, რომ მას ჰყავს ადვოკატი, რომლის გარეშეც არ შეხვდება: პროკურორს, გამომძიებელს, სასჯელაღსრულების სამინისტროს/დეპარტამენტის წარმომადგენლებს და ა.შ“.
კობახიძის თქმით, თუ ადგილი ექნება მსგავს ფაქტს, აღნიშნული ქმედება მიმართული იქნება პატიმარზე ზეწოლის გასახორციელებლად, დასაშინებლად და ჩვენების გადასათქმელად. მსგავს ფაქტებს ადგილი სასჯელაღსრულების ზ17 დაწესებულებაში არა ერთხელ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ ილგარ მამედ-ზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სასწრაფოდ ესაჭიროება რამდენიმე ოპერაციის ჩატარება.