ჩოხატაურის საფეხბურთო კლუბი "ბახმარო" მოგებათა სერიას განაგრძობს, მეორე წრეში კლუბს არცერთი საშინაო თამაში არ წაუგია და მოგროვილი 12 ქულით შანსი გაუჩნდა მეოთხე ადგილისთვის იბრძოლოს.
12 აპრილს ჩოხატაურელები ტყიბულის "მეშახტეს" დაუპირისპირდნენ და 3:1 დაამარცხეს მეტოქე. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები პირველივე წუთზე დაწინაურდნენ "ბახმაროელებმა" სამი გოლის გატანა მოახერხეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. გოლები მიხეილ ჟღენტის და გიორგი ივანიშვილის ანგარიშზეა.
არასტაბილურად ასპარეზობს ჩოხატაურელთა უშუალო კონკურენტი ხულოს "ხიხანი", რომელმაც რამდენიმე მატჩი ზედიზედ დათმო და სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა, ასევე 4 ქულარა დარჩა განსხვავება სატურნირო ცხრილში სენაკის "ეგრისთან", რომელიც რამდენიმე ტურის შემდეგ ჩოხატაურში უნდა ჩამოვიდეს და მასპინძლებს სხვაობის მინიმუმამდე შემცირების შანსი ექნებათ.
"ბახმაროსაც" საკმაოდ რთული ტურები აქვს დარჩენილი_ 15 აპრილს გასვლითი თამაში "რაჭასთან", საშინაო მატჩი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერთან ვანის "სულორთან" 21 აპრილს და 25 აპრილს უშუალო კონკურენტთან სენაკის "ეგრისთან. ამ სამი თამაშის შედეგზე იქნება დამოკიდებული თუ რა პოზიციას დაიკავებს ჩოხატაურელთა გუნდი საბოლოოდ. ასე რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ძალიან დაძაბული აპრილი გველოდება.