ლანჩხუთის ერთ -ერთი ცენტრალური ქუჩიდან სტალინის ბიუსტის აღების თაობაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარე კახაბერ გუჯაბიძე.
"პირველ რიგში, მე ქართული ეკლესიის აზრს ვიზიარებ, სადაც ძეგლები და ბიუსტები არაკანონიკურად არის შეფასებული. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ თავშეკავება გვმართებს. თუ იმ დროინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადამიანთა ჯგუფს თუ ორგანიზაციას აღნიშნული ბიუსტის დადგმის ნება დართო, არ უნდა შეურაცვყოთ იმ ხანდაზმული, საპატივცემულო, ნაომარი ადამიანების უფლებები."- ამბობს გუჯაბიძე, რომელიც თვლის რომ უმჯობესია სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდეს ყურადღება.
ფრაქცია "მრეწველებში" თვლიან, რომ სტალინის ბიუსტის აღებასთან დაკავშირებით უმჯობესია ჩატარდეს მოსახლეობის გამოკითხვა და მიღებული შედეგის მიხედვით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდგარი სტალინის ბიუსტის აღების თაობაზე, რიგითი მოქალაქის პოზიციიდან, საკრებულოს ოფიციალური განცხადებით მიმართა "თავისუფალი დემოკრატების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვახტანგ ზენაიშვილმა, რომელსაც მხარს ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს რამდენიმე დეპუტატიც უჭერს.