საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მხატვარ არჩილ კუტალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე 80-მდე ფერწერული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
არჩილ კუტალაძე დაიბადა 1966 წლის 25 თებერვალს, ჩოხატაურში. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში (ხატვა-ხაზვის ფაკულტეტი).
1987 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს გამოფენებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მხატვრის ნამუშევრები გამოფენილი იყო რუმინეთში, ყაზახეთში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, თურქეთში. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში. იგი არის საქართველოს მხატვართა ასოციაციის წევრი; დაჯილდოებულია საპატიო სიგელით სახვითი ხელოვნების განვითარებაში გაწეული წვლილისთვის.
არჩილ კუტალაძის მესამე პერსონალურ გამოფენაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მხატვრის შემოქმედებაზე ისაუბრეს ცნობილმა მხატვრებმა _ ცირა კალანდაძემ, რევაზ ადამიამ, ალექსანდრე ციხელაშვილმა, ზაალ სულაკაურმა, ხელოვნებათმცოდნე სოფიო ხატიაშვილმა, პოეტმა ნანა დარჩიაშვილმა და სხვებმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები მხატვრის საოცარი გულწრფელობით, სითბოთი და სიყვარულით გახლდათ შესრულებული.
ქეთევან კუკულავა