კახი კალაძის განმარტებით პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არ არსებობს დაპირისპირების საფუძველი.
"მგონი თავიდან იყო გაუგებრობა. შეიძლება კანცელარიის მხრიდან არასწორად იყო ინფორმაცია მიწოდებული. ხდება ხოლმე რაღაც გაუგებრობა, შეცდომა, ეს ნორმალურია, თუმცა ეს არ უნდა გავხადოთ რაღაც პოლიტიკურ თამაშად, ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომად. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი."
კალაძეს მიაჩნია, რომ არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადება ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე დადებითად იმოქმედებს.
"პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიებისთვის მისასალმებელია, რომ წინასწარ გახდა ცნობილი 8 ოქტომბერი და შესაძლებელი იქნება, რომ მათ 3 თვის განმავლობაში სრულყოფილი საარჩევნო კამპანია ჩაატარონ, თავისი ხედვები, ქვეყნის განვითარების გეგმები, რაც გააჩნიათ, მოსახლეობას გააცნონ. ყოველთვის იყო ჩხუბი და საუბარი იმაზე, რომ წლების განმავლობაში არ ხდებოდა წინასწარ თარიღის გაჟღერება. 5-6 თვით ადრე იქნა ახლა გაჟღერებული და ამბობენ რომ ცუდია." – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღს, მინისტრის აზრით პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე კარგი განმარტებები გააკეთა.
"პრეზიდენტმა სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ იცით, რომ ამას მარტო პრეზიდენტი ვერ წყვეტს. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმების შედეგად და შესაბამისად, იქნება გაკეთებული და მიღებული გადაწყვეტილება, რომ 8 ივლისიდან დაიწყოს, ანუ 3 თვე არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სრულყოფილად ჩაატაროს."- განაცხადა კალაძემ.