დღეს, პარლამენტში, დეპუტატებმა 13 აპრილის პლენარულ სხდომაზე დაწყებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა განაგრძეს.
კონპროექტის თანახმად, ნორმიდან, რომელიც აწესრიგებს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა ცალკე მუხლად გამოიყოფა.
აღნიშნული ქმედებისთვის შესაბამისი მაკვალიფიცირებელი გარემოებები და სასჯელი განისაზღვრება. კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია.
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით ფრაქციის წევრმა თამარ კორძაიამ გამოხატა. მისი განცხადებით, „შეთავაზებული ცვლილებები არის მხოლოდ ფრაგმენტი ვალდებულებების და პირადი ცხოვრების კრიმინალური ხელყოფის შემთხვევებზე სასჯელის ზომის გამკაცრება არის მხოლოდ ერთი, არც თუ ისე უმნიშვნელო ასპექტი პრობლემასთან ბრძოლის, მაგრამ არა იმ მასშტაბის,რომელიც შექმნის არსებული გამოწვევების დაძლევის საკმარის, თუნდაც სამართლებრივ საფუძველს.“
მისივე განცხადებით, მუშაობა უნდა დაიწყოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების ფუნდამეტურ გადახედვაზე.
„პრიორიტეტი არის ადამიანის თავისუფლება, თანასწორობა და ბედნიერებისკენ სწრაფვა და მანამ, სანამ არ მოხდება ამ პრიორიტეტების სწორად დანახვა და კომპლექსური მიდგომა, ხელისუფლება ვერ შეძლებს არსებული პრობლემების გამკლავებას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მოსაზრება ფრაქციის წევრმა შალვა შავგულიძემ გაახმოვანა. „კანონპროექტი ქმნის მოჩვენებით სურათს, თითქოს რაღაც კეთდება ამ სფეროს რეგულაციის საკითხში და სინამდვილეში, არაფერი კეთდება და არაფერი იცვლება".
შალვა შავგულიძის განცხადებით, ჩნდება მომეტებული სასჯელის თვითნებურად გამოყენების გარკვეული საშიშროება. პარლამენტის წევრმა იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რის გამოც, მათი მოსაზრებით კანონპროექტი არ უნდა იქნას მხარდაჭერილი.
„ერთი-ორი წლით მეტი სასჯელის დაწესება სიკეთის მომტანი არ არის საიდუმლოების დაცვის კუთხით, თუ არ განისაზღვრა რა არის ეს საიდუმლოება და პირიქით, ახალი რეგულაცია შეიცავს მეტ ხიფათს. შემოთავაზებული საკანონმდებლო რეგულაცია არაფერს დადებითს არ იძლევა ამ სფეროს რეგულირების თვალსაზრისით“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კანონპროექტზე მსჯელობისას, თამარ კორძაიას გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად, იმისა, რომ მთელ რიგ პოსტულატებს, რაზეც ფრაქცია“რესპუბლიკელების“ წევრის, გამოსვლაში იყო საუბარი, ეთანხმება, „რესპუბლიკური პარტია“ არის პასუხისმგებელი დღევანდელი მთავრობის მოქმედებებზეც და უმოქმედობებზეც, რამდენადაც დღეს სწორედ ისინი არიან საქართველოს მთავრობის წევრები.“
ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრის, გიგა ბუკიას განცხადებით, ფრაქცია კანონპროექტს მხარს უჭერს, მასთან დაკავშირებული შენიშვნებ კი მეორე მოსმენით განხილვის დროს დაისმება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ მოსაზრებები და პოზიციები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ გააცნო კოლეგებს.
„ძალიან მძიმეა, დანაშაული, რომელზეც ვმსჯელობთ და ვფიქრობ,ამ კანონში მართებულადაა სასჯელის ზომა განსაზღვრული. საქმე ეხება არაერთი ადამიანის ბედს, ესაა მთავარი და ეს მთავარი ამ კანონპროექტში დევს.“ _ აღნიშნა ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, კანონპროექტი ბევრნაირად შეიძლება იყოს შეფასებული, მაგრამ „უზნეობაა, როდესაც წინ გადადგმულ ნაბიჯს თითქოსდა არაფრად და მოჩვენებითობად აფასებ.“ ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებითვე, ფრაქცია მხარს უჭერს კანონპროექტს და პროექტთან დაკავშირებული დამატებითი საკითხების განსახილველად კანონპროექტების ავტორებთან ერთად მზადყოფნას გამოხატავს.
პარლამენტმა პირველი მოსმენით, 87 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, “სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები მიიღო.