"აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოზურგეთის მაზრა ერთ-ერთი განათლებული და განვითარებული კუთხე იყო _ ,,საქართველოს საფრანგეთი”, როგორც მას ჟურნალ ,,მოგზაურის” ჟურნალისტმა კონსტანტინე გვარამაძემ უწოდა.
რუსული გაზეთი ,,ნოვოსტი” კი წერდა, რომ ,,გურია ერთი უკულტურესი კუთხეა არა თუ კავკასიაში, არამედ მთელ რუსეთში.”
"სწავლას იქაური გლეხები ძალიან ეტანებოდნენ, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, არავითარ ძალას არ ზოგავდნენ სკოლების, ბიბლიოთეკების, სამკითხველოების გახსნისათვის, რადგან მიხვდნენ, რომ უსწავლელი კაცი, მჭადის ფასად არ ღირს.”
გურულებიდან წერა-კითხვის უცოდინარი მხოლოდ ხუთ პროცენტზე ნაკლები იყო, დანარჩენები ქართულთან ერთად, რუსულ ენასაც ფლობდნენ. მოსწავლეთა რაოდენობით, პროცენტულად, ოზურგეთის მაზრა პირველ ადგილზე იდგა არა მარტო კავკასიაში, არამედ რუსეთის მრავალ მაზრასთან შედარებითაც.
სწავლის მსურველთა რიცხვი ყოველთვის იმდენად დიდი იყო, რომ თედო სახოკიას თქმით, სკოლები ყველა მსურველს ვერ აკმაყოფილებდა ხოლმე და ხშირი ყოფილა შემთხვევები, როცა ბავშვები სასწავლებლიდან უკან გაუბრუნებიათ. მსგავსი მდგომარეობა თითქმის ყოველ წელს ხდებოდა. მაგალითად, 1907 წელს 300-დე ბავშვი სკოლის გარეთ დარჩა."
ამონარიდი ირაკლი მახარაძის ახალი წიგნიდან ,,გურიის რესპუბლიკა".
ფოტოზე გურული ბაღნები, ივერიელის კოლექციიდან.