სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უახლოეს დღეებში ელექტრონული მონიტორინგის ცენტრს გახსნის, რომლის მეშვეობითაც პენიტენციურ სისტემაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა დაინერგება. სიახლე პირველ ეტაპზე მხოლოდ არასრულწლოვან მსაჯვრდებულებზე გავრცელდება, თუმცა როგორც კახა კახიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიაში" სტუმრობისას აღნიშნა, რეფორმის მეორე ეტაპზე ელექტრონული სამაჯურების გამოყენებას უკვე ზრდასრული მსჯავრდებულებიც შეძლებენ.
მინისტრის განცხადებით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის უკიდურესი ფორმაა და ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში შესაძლებელია სასჯელის სახით სხვა, ალტერნატიული მეთოდების გამოყენება, ისევე როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაში ხდება.
"პირველ ეტაპზე სამაჯურების გამოყენება არასრულწლოვნებზე გავრცელდა, მაგრამ ჩვენ უკვე რეფორმის მეორე ეტაპისთვის ვემზადებით, საკანონმდებლო რეგულაციები მზად არის და უახლოეს პერიოდში მათი პარლამენტში ინიცირება მოხდება, რომლის შესაბამისად ელექტრნოული მონიტორინგის სისტემის დანერგვა მოხდება არამხოლოდ არასრულწლოვნებისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვისაც. პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს დამატებითი კონტროლის სახით ელექტრონული სამაჯურების გამოყენების შესაძლებლობა იქნება" – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით ალტერნარიული მეთოდების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება, ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ან პირიქით, შევამციროთ მსჯავრდებულების რაოდენობა და მეორეს მხრივ, მუდმივად კონტროლზე გვყავდეს ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა.
(R)