ხელისუფლებას ახლა გაახსენდა, რომ, მოვაჭრეებს, თურმე, ეს ადგილი თვითნებურად ჰქონიათ დაკავებული და მათი ჯიხურები ქალაქის იერსახეს აუშნოებს. ამ ფაქტით შეშფოთებულმა ჯიხურების მეპატრონეებმა დახმარებისთვის “გურია ნიუსს” მომართეს.
_ მოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და გაგვაფრთხილეს _ აქტზე მომაწერინეს ხელი, რომ თუ არ გავაკეთებთ კაპიტალურ რემონტს, 500 ლარით დამაჯარიმებენ. ეს პირველად, ალბათ, თორემ მერე სხვა ჯარიმა იქნება დაწესებული. ალბათ, ასე აქვთ დავალებული “ზემოდან”. რა უნდა ვქნა, უნდა გავარემონტო, სხვა გზა არაა, _ გვითხრა ერთ-ერთი ჯიხურის მეპატრონემ და ის აქტი გვაჩვენა, რის მიხედვითაც მას ჯარიმა დაეკისრება: _ პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისთვის, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-3-ე პუნქტით და გამოიწვევს დაჯარიმებას, 500 ლარის ოდენობით, _ წერია აქტში.
_ გამოგვიწერეს ჯარიმები. ერთი თვის ვადაში თუ არ გავარემონტებთ, უნდა გადავიხადოთ ჯერ 500 ლარი, მერე, ალბათ, უარეს დღეში ჩაგვყრიან, ჩვენ ვართ ამ ხელისუფლების მონები _ როგორც მოეხასიათებათ, ისე უნდა გააკეთო. თქვენ რა შეგიძლიათ, ან სად უნდა უჩივლო მაგათ, გაიტან სიმართლეს თუ რა?! _ ამბობს მეორე ჯიხურის მეპატრონე.
ამ საკითხის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე “გურია ნიუსთან” ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ რაც გაინტერესებთ, მოგვწერეთ ოფიციალურად, წერილობით. რატომ გავაფრთხილეთ, რა იყო დაჯარიმების წინა პირობა _ ყველა დოკუმენტს მოგაწოდებთ. კომენტარს არ გავაკეთებ, ან პრესსამსახურის მეშვეობით მოგვმართეთ. მასე ყველას ვაფრთხილებთ, ეგ ჩვეულებრივი ამბავია. რა მოხდა _ ვთხოვე, რომ წინა ფასადი მოეწესრიგებინათ. არ უნდა გამოჩნდეს წინა მხარე ლამაზად?
_ აქამდე არ იცოდით, რომ მოსაწესრიგებელი იყო, თუ ახლა გაგახსენდათ, რომ თვითნებურად ჰქონდათ ჯიხურის მოვაჭრეებს დაკავებული ეს ტერიტორია?
_ სიტყვიერად გავაფრთხილეთ რამდენჯერმე, მაგრამ ახლა პარკი რომ კეთდება, მასეთი სიტუაცია ხომ არ უნდა იყოს _ დამახინჯებული? ჩვენ არ ვახრჩობთ მაგათ, მივეცით დრო. გვინდა, რომ გააკეთონ ფასადი, მოაწესრიგონ. მთელი ცხოვრება ხომ არ იქნება ასე? ისე, რომ იცოდეთ, მე არ ვაჯარიმებ არავის!
_ ვინ აჯარიმებს?
_ ვინ უნდა დააჯარიმოს და… საბოლოო ჯამში, ვინც არ დაემორჩილება კანონს, ის დაჯარიმდება. ეს ჩემი ინტერესი კი არ არის მარტო _ ქალაქში მცხოვრებლების ინტერესია. თქვენ არ გინდათ, რომ ქალაქი გალამაზდეს? ვიცი, რომ ყველას უჭირს და ძნელია, მაგრამ სხვა რამეც ვიცი _ შეიძლება არც უჭირს და ძალით იჭირვებს, _ ამბობს გაბრიჩიძე.