საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიაში" სკანდალის სუნი იგრძნობა. მაშინ როცა კლუბმა თითქოს დაალაგა სიტუაცია, ახალი მწვრთნელის ხელში მოგებებიც დაიწყო და ამ დროს მოულოდნელად გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზიდან ოთხი ფეხბურთელი ისე გაიპარა, არავინ იყო საქმის კურსში. როგორც ცნობილი გახდა კლუბი დატოვეს პანამელებმა – ნახევარმცველმა ჯამალ როდრიგესმა და თავდამსხმელმა კარლოს დანიელმა, ასევე კოსტა რიკელ მცველთა დუეტმა – ალვარო ბენეტიმ და მორალეს ნუნიესმა.
კლუბის მესვეურები ფეხბურთელთა დემარშის კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა ადასტურებენ ფაქტს და კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტისთვის შესაბამის საბუთებს ამზადებენ, რომ უეფას წესების თანახმად ეს ფეხბურთელები დაისაჯონ.
თუმცა ეს რომ დიდი ვერაფერი შეღავათია უმაღლეს ლიგაში ყოფნა – არ ყოფნისათვის მებრძოლი გუნდისთვის, ეს ცხადია. ჩვენი ინფორმაციით, ამ ოთხეულის წასვლის მიზეზად გარკვეული ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება და სავარაუდოდ ეს "გურიას" ეგრეთწოდებულ სპონსორებთან მათ ურთიერთობას ეხება.
როგორც კლუბში გვითხრეს, შეიძლება ამ ოთხეულიდან ერთი ფეხბურთელი კლუბს დაუბრუნდეს. საუბარია პანამელ კარლოს დანიელზე, რომელიც სულ ახლახან ჩაირიცხა გუნდში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. კარლოსმა ბოლო ორ მოგებულ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა და ერთერთი ნათელი წერტილიც იყო ლეგიონერთა კრებულიდან.
მოკლედ ძალიან საჩოთირო სიტუაციაში აღმოჩნდა ლანჩხუთური კლუბი. თითოეულ უცხოელ ფეხბურთელზე სეზონის წინ 15 – 15 ათასი ლარის გადახდა მოუხდა და გამოდის ეს 60 ათასი ლარი წყალში გადაიყარა. თან როგორც ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ზაზა დოლიძე საინფორმაციო სააგენტო worldsport.ge – სთან საუბარში მიზანშეუწონლად თვლის, ერთერთი მუნიციპალური კლუბის მიერ ბიუჯეტის თანხებით 75 ათასი ლარის მარტო უცხოელი ლეგიონერების რეგისტრაციაში დახარჯვას.
მას არ დაუკონკრეტებია ეს კლუბი, მაგრამ ცხადია, რომ სწორედ „გურია“ იგულისხმა, რომლის მესვეურები კატეგორიულად უარყოფენ ბიუჯეტიდან ამ თანხის გადახდას და ირწმუნებიან ეს ფულები სპონსორმა ნაღდი ანგარიშსწორებით შეიტანა ფედერაციის ანგარიშზეო. გამოდის რომ ან ფონდის თავკაცია ამ საკითხზე არაინფორმირებული, ან კლუბის ხელმძღვანელობა მალავს ბიუჯეტიდან თანხების ამ კუთხით გადინებას.