გუშინ, კონგრესმენმა სტივ რასელმა ამერიკის კონგრესის დღევანდელ სესიაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მომავალ საპარლამეტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება და ქვეყნის თავისუფლება საფრთხის წინაშე დგას.
"მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში არჩევნები ტარდება, რომელიც გაარკვევს რჩება საქართველო ნახევრად თავისუფალ ქვეყანად, რომელიც აგრძელებს დამოუკიდებელ მსვლელობას, თუ დანებდება კორუფციასა და რუსი ოლიგარქის გავლენას" _ განაცხადა კონგრესმენმა .
მისივე თქმით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მოკავშირეა და მათ მიზანს არჩევნების გაყალბება წარმოადგენს, რის გამოც ქართველი ხალხი დახმარებას მსოფლიოსგან ელოდება.
"ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის მოკავშირე და მათი მიზანია ხმების გაყალბება, ისევე როგორც, ამის მცდელობა იყო 2003 წელს, როდესაც ხმების მოსყიდვით და ადმინისტრაციული ერთეულების დასჯით შეეცადა არჩევნების ჩაშლასა და სპეცდანიშნულების რაზმებით მის შედეგებზე გავლენას. ეს გაერთიანებუილია საარჩევნო კომისიების სრულ პრივატიზაციასთან. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მათი 98% კონტროლდება ივანიშვილის მიერ და ქართველი ხალხი დგას საგანგაშო პერსპექტივის წინაშე, ჰქონდეთ სამართლებრივი არჩევნების ჩატარების უფლება ამა წლის ოქტომბერში. ამ საფრთხის გამო ქართველი ხალხი მსოფლიოსგან დახმარებას ელოდება,"_აცხადებს რასელი.
ოკაჰომას შტატის კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დასახმარებლად ნაბიჯები უნდა გადადგას.
რასელის ამ განცხადებას საქართველოში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
"ეს პიროვნება "ნაციონალური მოძრაობის" ენით გვესაუბრება, ეს რა თქმა უნდა მისი პირადი მოსაზრებაა და ის არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მოსაზრება. ნებისმიერი ადამიანს შეუძლია გამოთვქას თავისი მოსაზრება, ეს კი არის სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებული მოსაზრება" _ აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა კონგრესმენს ურჩია "თავის ქვეყანას მიხედოს":
"არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ რაღაცა დოზით რაღაცას გუნდში ვემიჯნები. აგერ უკვე ქვეყნის გარედანაც დაიწყეს ზეწოლა და შანტაჟი. ბიძინა ივანიშვილს არ ვეთანხმები იმაში, რომ ის მეტისმეტად ოპტიმისტურად უყურებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე ევროკავშირის და მასში გაწევრიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ მესმის ეს მეტისმეტი ოპტიმიზმი ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით.
მე ვფიქრობ, რომ ამ ოპტიმიზმს საფუძველი არ გააჩნია და მე მგონია, რომ ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რადგან ამის მზადყოფნა ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ გააჩნიათ. არ ვიცი რას ნიშნავს ხალხის დაჯერება, რომ ხვალ უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-სთან, ზეგ MAP-ზე უკეთესს მოგვცემენ, მერე უფრო უკეთესს და ა.შ. ამასობაში მე ვფიქრობ, რომ იმაზე უფრო შორს ვრჩებით ნატო-სგან ვიდრე აქამდე ვიყავით", _ განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
რასელის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე:
" ბევრი აღაშფოთა აშშ-ის კონგრესმენისკონგრესმენის სტივ რასელის ცნობილმა გამოსვლამ და ცხადია აღშფოთება სამართლიანია. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბატონმა რასელმა გააჟღერა პირადი მოსაზრებები, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას და მეტიც, სრულიად ეწინააღმდეგება მას.
მის მიერ გაკეთებული სრულიად აბსურდული განცხადებები, ცხადია, ზეგავლენას ვერ იქონიებს საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებზე , ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში არსებული ერთი-ორი პოლიტიკაში მყოფი პერსონის გაუგებარი განცხადებები აშშ-ს მიმართ და ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებები გააგრძელებენ და კიდევ უფრო გააღრმავებენ ორმხრივ თანამშრომლობას..
უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი განცხადების გასახმოვანებლად, უყვართ სკანდალი, ყურადღების ცენტრში მოქცევა ნებისმიერ ფასად…. ჩვენთან რა, არ ვიცნობთ ასეთ პოლიტიკოსებს?
მოკლედ, ბატონ რასელს რომ დავუბრუნდეთ, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ლობისტურმა კომპანიებმა შეცდომაში შეიყვანეს.
მის განცხადებაში ხომ პირდაპირი ტექსტით არის გადატანილი ჩვენი ოპონენტების მიერ გამოგონილი ბრალდებები და ცუდია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ბრალდებების გაჟღერება მიზანმიმართულად პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აშშ -ში ვიზიტის წინ შეგნებულად მოხდა. ჩვენმა ოპონენტებმა ზუსტად იციან, რომ პრემიერ კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში, რომელიც 25 აპრილს იწყება იქნება წარმატებული და ასეთი აქციებით უნდათ , როგორმე, მცირედით მაინც დააკნინონ ის პოზიტიური მოლოდინები, რაც პრემიერის აშშ-ში ვიზიტის მიმართ არსებობს.
ამის გათვალისწინებით, დაუშვებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მიმაჩნია ბატონი რასელის ამ ნაბიჯის გამო კრიტიკა და გულისწყრომა ვინმემ ზოგადად ამერიკელებზე და აშშ ხელისუფლებაზე გაავრცელოს. დაუშვებლად მიმაჩნია ემოციურ ზღვარს გაცდენილი, დაუფიქრებელი კომენტარების გაკეთება. არ უნდა ავყვეთ ამ ამბავს, რადგანაც ზუსტად ეს აქვს ჩაფიქრებული ჩვენს ოპონენტებს, რომ ხალხს მოთმინება დააკარგვინონ.
ამ ამბავზე აყოლა მითუმეტეს დაუშვებლად მიმაჩნია, რადგანაც მე და ჩემს თანამოაზრეებს გულით გვჯერა, რომ უფრო დიდი მეგობარი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს არასდროს ყოლია და ამერიკელები ამას მარტივად ადასტურებენ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული თანადგომით და დახმარებით დღიდან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისა. ეს ფაქტებით დასტურდება და მათი უარყოფა შეუძლებელია.
ჩემთვის, პირადად, უმნიშვნელოვანესია ამ საკითხში სრული თანხვედრა მქონდეს ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ამერიკაზე უფრო თავისუფალი ქვეყანა, სადაც ადამიანი შეიძლება უფრო თავისუფლად გრძნობდეს თავს, სადაც მას წარმატებისთვის ყველა გზა ხსნილი აქვს. ამიტომაც, უზომოდ შეყვარებული ვარ ამერიკასა და ამერიკელებში და მათ მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას ვერასდროს შევეგუები.
მოდით, ჩვენი საქმე ვაკეთოთ ყველამ. ვიცი, რომ კონგრესმენმა რასელმა გვაწყენინა, მაგრამ გაივლის ეს წყენაც , რადგანაც აგერ ნახავთ, პრემიერის ვიზიტი აშშ-ში რომელიც მომავალ კვირაში შედგება აუცილებლად იქნება წარმატებული და იგი გახდება ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის განმამტკიცებელი ფაქტორი" _აღნიშნულია კვაჭანტირაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.