ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის, პირველი რაიონის მოსახლეობამ წყლისა და გზის მოთხოვნით საპროტესო აქცია მოაწყო და ცენტრალური გზა რამდენიმე საათით გადაკეტა.
მოსახლეობის პროტესტი, შეკვეთილი-წვერმაღალა-ურეკის 18 კილომეტრ ზოლზე 75 მილიონიანი წყლის პროექტის გახორციელებამ გამოიწვიამ, რომელიც დაბა ლაითურის გზის გავლით უნდა გაკეთდეს. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ცენტრალური გზის გავლით უნდა გახორციელებულიყო, თუმცა პროექტში ცვლილება შევიდა. მიიჩნიეს, რომ ცენტარალური გზა დაზიანდებოდა და ამის გამო და წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაითურის გზის გავლით ჩატარდება.
"25 წელია წყალს ვითხოვთ , რა დავაშავეთ ასეთი? 13 -ე რაიონი ჰქვია ჩვენს დასახლებას, არც წყალი, არც გზა, არც გაზი. "ქართული ოცნება" კი არა ტყუილების პარტია უნდა ერქვას მაგას, ამდენი დაპირებები და ტყუილები ამოგვივდა ყელში, არჩევნებზე ამდენ ხალხს ვერ ნახავთ თქვენ, ან მშიერი ამოწყდებიან ან უწყლობით დაიხრჩობიან ამ ზაფხულში. ჩვენი რაიონი უპატრონო ნახეს არა? "_ ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები.
აქციაზე მოსახლეობამ რამდენიმე საათით გზა გადაკეტა და დიდ მანქანებს, რომლებსაც წყლის მილები გაჰქონდათ შეკვეთილში, გადაადგილების საშუალება არ მისცა. მოგვიანებით ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები არჩილ ყაზაიშვილი, ბადრი გობრონიძე და დაბა ლაითურის დეპუტატი რესან გაბაიძე მოვიდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ხმამაღალი საუბარი შეურაცხყოფასა და სიტყვიერ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
აკაკი ჩხატარაშვილი: "ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, გზა ჩვენ არ გვაქვს, არც წყალი, მრავალბინიანი სახლის სახურავები ჩამომპალია, შეშას ვერ მოჭრი, დაგიჭერენ, გაზი ჩვენ არ გვაქვს, არც მიწები, რომ რაღაცა ვაწარმოოთ. რა ვქნათ გეკითხებით? საარსებო მინიმუმიც არ გაგვაჩნია, დაგვპირდნენ წინ საარჩევნოდ, შემოვიყვანთ გაზს და წყალსო და დაპირება დაპირებად დარჩა."
მაგული ბროლაძე: "დამალევინეთ ხალხო წყალი, მომეცით ჩემს ქვეყანაში გაზი, გზა და არ იყოს ამდენი ხალხი ასე გაჭირვებული, მე მათხოვარი არ ვარ, არ მინდა თქვენი დახმარება, ჩემით ვირჩენ თავს. "ოცნების" გახსენებაც არ მინდა."
"გაჭირვებული ხალხი აფთიაქში ვერ შედის, ისეთი ძვირია წამალი, ან ერთ პენსიონერზეა მთელი ოჯახი ჩამოკიდებული, რამდენი უმუშევარია სახლში. ყველაფერი ძვირდება, რით უნდა ვიარსებოთ ერთი მითხარით, მარტო მაგათი ლაპარაკით? მაგათ 5 000 ლარი არ ჰყოფნით და მე 160 ლარი უნდა მეყოს? ლაითურს არც გაზი აქვს, არც წყალი, არც გზა, არც სამუშაოა რამე. ვართ გაჩერებულები, ვითმენთ, ვითმენთ და სადამდე? ახლა ამ გზიდან უნდა გაიყვანონ ურეკში წყალი და ჩვენ ისე უნდა დავრჩეთ, მაშინ როცა ამხელა მანქანების გადადგილებით მტვერშიც ვიხრჩობით და ისედაც განადგურებული გზა, საერთოდ უნდა გადათხარონ და ამ ზაფხულს კიდევ უწყლობთ უნდა დავიხრჩოთ? ორი ჭაა მთელ ლაითურში, ისიც დაშრება მალე. მდინარეში არ ჩახვიდეთო, ჯარიმააო, სად გავრცეხოთ სარეცხი, ან სიმწრით გარეცხილ სარეცხს ჩამოუქროლებს დიდი მანქანები და წამში გაშავებულია. კაი , არ გააკეთეს ამ "ნაციონალებმა", შენ გააკეთე, ხომ შეიძლება? აგიტატორი ვიყავი არჩევნებზე, წევრი ვარ "ოცნების", კარდაკარ დავრბოდი მოსახლეობაში წყალიც გექნებათ, გაზიც და გზაც თქო და ახლა ყველა მთხოვს სადაა შენი დანაპირებიო, ხალხმა შემჭამა, სამი სახლი ძლივს გადახურეს ლაითურში. არჩევნებზე ხომ დაფაცურდებიან, ხომ დააფენენ ისევ ენებს და დაგვპირდებიან გაჭირვებიდან ამოყვანას, დამთავრდა, ვერცერთ ხმას ვერ წაიღებენ აქედან"_ ამბობდნენ ნაზი შავაძე, ლეილა მექაშვილი, ფიალა ხარჩილავა, დათო დავითაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მაჟორიტარ დეპუტატ რესან გაბაიძესა და მოსახლეობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციაზე შეკრებილები დეპუტატს ულტიმატუმს უყენებდნენ და კონკრეტულ პასუხს სთხოვდნენ, ექნებოდათ თუ არა მათ წყალი და როდის:
მოსახლეობა: "წყალი აქედან, ჩვენი გზით უნდა გაიყვანონ ურეკში და შეკვეთილში, მათ უნდა დალიონ და ჩვენ უწყლოდ უნდა დავიხჩოთ? გაგვცეს პასუხი ჩვენმა არჩეულმა დეპუტატმა, ის დაგვპირდა, რომ წყალი ჩვენც გვექნებოდა."
რესან გაბაიძე: "წელს ლაითურში წყლის გაკეთება იწყება, პროექტი შედგენილია."
მოსახლეობა: "ჟურნალისტების თანდასწრებით კონკრეტული დრო გვითხარით."
რესან გაბაიძე: "ვერ გეტყვით."
მოსახლეობა: "მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ არ გვატყუებთ?"
რესან გაბაიძე: "გარანტია ვარ მე თვითონ , კონკრეტულ დროს დაახლოებითაც ვერ გეტყვით, ესაა პროექტი, მერე ტენდერი უნდა ჩატარდეს და რომ გითხრათ ერთ თვეში დაიწყებაო, ან ხვალ დაიწყებაო, დამიჯერებთ? ამიტომ დაელოდეთ ტენდერს."
მოსახლეობა: "ტენდერს კი არა არჩევნებს! ეს ტყუილები ამოგვივიდა ყელში, მოდი აქ და მოსახლეობას დაუდექი გვერდით, როგორც წინა მთავრობა გვატყუებდა, ისევე გვატყუებთ თქვენც."
"მე ლაითურში დავიბადე , აქ ვცხოვრობ და აქ უნდა მოვკვდე. სკამის დედა ვატირე, რად მინდა სკამი. თქვენ უნდა მყავდეთ გვერდში, მე მთავრობა არ ვარ, მე ვარ რესან გაბაიძე" _ მიმართავდა დეპუტატი მოსახლეობას.
მოსახლეობა გამგებლის მოადგილეებს ხმამაღლა მიმართავდა: "საჭმელს და სასმელს არ ვითხოვთ, წყალი, გაზი და გზა გვინდა, მტვერში ვიხრჩობით, გვითხარით, წყალი გვექნება?"
ადგილზე მოვიდა კომპანია შპს" ფერის“ წარმომადგენელი" გელა წოწორია. მისი თქმით, აღნიშნული კომპანია უშუალოდ ახორციელებს წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეკვეთილი-ურეკში.
"არ ვიცი რატომ მოხდა იმ ცენტრალური გზის აცილება, ეს ასე გაითვალეს, რომ ლაითურიდან წასულიყო მილები, ასე უფრო პრაქტიკული იქნებოდა ალბათ"_გვითხრა წოწორიამ.
კომენტარი ჟურნალისტებთან დეპუტატმა რესან გაბაიძემ არ გააკეთა: "არ მოგცემთ კომენტარს, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რა ხდება ლაითურში."
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ დაბა ლაითურში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება:
"პროექტი შედგენილია, უკვე სამხარაულის ექპერტიზაც გავლილი აქვს, ამ ყველაფერს მისი პროცედურები გააჩნია. ეს პროექტი 5 მილიონ ნახევარი ჯდება, აბსოლუტურად ინდივიდულურად ყველა ოჯახს ექნება წყალი, ერთ-ერთი უნიკალური წყალსადენი ექნება ლაითურს, ეს სამუშაოებიკი უახლოესს მომავალში დაიწყება."
რაც შეეხება ურეკი-შეკვეთილი წყლის მილების გაყვანას ლაითურის გზით, ამასთან დაკავშირებთ ყაზაიშვილი ამბობს, რომ ცენტრალუირი გზით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, იმ მიზეზით, რომ გზა მნიშვნელოვნად დაზიანდებოდა და ამით მუნიციპალიტეტის სერიოზულად დაზარალდებოდა.
"წყალმომარაგების პროქტში შევიდა ცვლილება, იმიტომ რომ ცენტრალური გზა დაზიანდებოდა ძალიან, აქედან გამომდინარე უფრო მეტად დაზარალდებოდა მუნიციპალიტეტი, ეს გზა ისედაც დაზიანებულია და დასაგებია, კეთდება უდიდესი პროექტი ლაითურში ისედაც და შესაბამისად მაინც მოუწევს ამ გზას გადათხრა"_ ამბობს ყაზაიშვილი.