გარევაჭრობა თბილისსა თუ სხვა ქალაქებში აკრძალვის მუხედავად მაინც ყოველდღიურ საქმიანობად რჩება, რაც გადაუჭრელი პრობლემისა და გაუთავებელი პროტესტის შთაბეჭდილებას ტოვებს.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა რას ფიქრობს საზოგადოება გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით, რის გასარკვევადაც თბილისის ქუჩებში მოქალაქეებს მიმართა კითხვით_ თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა გარევაჭრობა?
თბილისის მცხოვრები ნიკა დემეტრაძის თქმით, გარემოვაჭრეები ხელისუფლებამ ალტერნატიული ფართით უნდა დააკმაყოფილოს.
"გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს, მაგრამ ხელისუფლებამ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი უნდა გამოუყოს, სადაც საქმიანობას გააგრძელებენ,"_ამბობს დემეტრაძე.
დეა ქიტესაშვილი კი ფიქრობს, რომ გარე ვაჭრობა უნდა შეწყდეს.
"გარე ვაჭრობა უნდა შეწყდეს, რადგან არ არის დაცული საკვები პროდუქტის შენახვის პირობები, გარდა ამისა, ტროტუარზე სავალ ნაწილსაც ამცირებს, რაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის,"_თქვა ქიტესაშვილმა.
ელენე გოგუაძის თქმით, გარე ვაჭობა მას პრობლემებს არ უქმნის.
"მე პირადად გარე ვაჭრობა პრობლემებს არ მიქმნის, ხალხს როგორც შეუძლია ისე შოულობს ლუკმა პურის ფულს,"_ამბობს გოგუაძე.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთი მოქალაქე, გიორგი უგრეხელიძე აღნიშნავს, გარე მოვაჭრეები არ ფიქრობენ, რომ სიცხეში დადებული მალფუჭებადი საკვები პროდუქტით ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.
"მესმის, რომ გარე მოვაჭრეები ვაჭრობით ფულს შოულობენ, მაგრამ ხომ შეიძლება ბაზარში შეიტანონ პროდუქტი და იქ ივაჭრონ. ისინი არ ფიქრობენ, რომ არასათანადო პირობებში დადებული ძეხვეულით, თევზით და მსგავსი სიცხეზე მალფუჭებადი საკვებით ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან,"_თქვა უგრეხელიძემ.
მზია სამხარაძეს თქმით, გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს, მაგრამ ხელისუფლებამ მოვაჭრეების დასაქმებაზე უნდა იზრუნოს.
"გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს, მაგრამ ხელისუფლებამ მათ დასაქმებაზე უნდა იზრუნოს, ან ალტერნატიული ფართი მისცეს მათ სავაჭროდ ან სადმე სხვაგან შეძლებისდაგვარად დაასაქმოს,"_ ამბობს სამხარაძე.
ემზარ თედორაძე კი მიიჩნევს, რომ გარე ვაჭრობა ქალაქს იერსახეს უკარგავს, ხოლო მაცხოვრებლების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
"გარევაჭრობა ქალაქს იერსახეს უკარგავს, ხოლო მაცხოვრებლების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, მაგრამ მისი უცბად აკრძალვა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი საარსებო მინიმალური თანხის შოვნის საშუალებას წაართმევს, ამიტომ ხელისუფლებამ ეფექტური გზით უნდა გადაჭრას ეს პრობლემა,"_თქვა თედორაძემ.
ელენე ბუზიაშვილის თქმით, გარევაჭრობის აკრძალვა უსამართლობა იქნება.
"დღეს ყველას ბანკის ვალი აქვს, რის გამოც გადასახადებს ვერ იხდიან, უმუშევრებიც ბევრნი არიან და გარევაჭრობის აკრძალვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეში პურის ფულს ძლივს შოულობენ უსამართლობაა. გარდა ამისა, გარემოვაჭრე უფრო აკლებს პროდუქტს ფასს, ვიდრე ბაზარში კანონიერი მოვაჭრეები,"_ამბობს ბუზიაშვილი.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა დათანხმდებიან თუ არა გარემოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე ან ალტერნატიულ ფართში სავაჭროდ გადასვლას, რის გასარკვევადაც გარე მოვაჭრეებსაც გაესაუბრა.
ერთ-ერთი გარემოვაჭრის, მზია ნაკაშიძეს თქმით, ბაზრობაზე მაღალი გადასახადია, რის გამოც არ აპირებს სავაჭრო ადგილის შეცვლას.
"სამი წელია რაც ვვაჭრობ. ვაჭრობა იმიტომ დავიწყე, რომ ჩემი შვილიშვილი სტუდენტია და მინდა რამით დავეხმარო. ასაკოვანი ადამიანი დღეში სამი ან ოთხი საათი ქუჩაში ვარ, და ექვს ლარს ძლივს ვშოულობ. სახელმწიფოს არასდროს შემოუთავაზებია სადმე სხვაგან სავაჭროდ გადასვლა, მაგრამ როგორც ვიცი, ბაზრობაზე რომ დავდგე სავაჭროდ, ადგილში ძვირი უნდა გადავიხადო, აქ კი არაფერს ვიხდი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხელისუფლებამ ივანიშვილი მოატყუა. არჩევნების პერიოდში გვპირდებოდნენ, რომ ყურადღებას მოგვაქცევდნენ, მაგრამ არაფერი შეუსრულებიათ, თუ არ ჩავთვლით ჯანდაცვის რეფორმას და იმას, რომ სოფლებში მიწის დახვნაში დაეხმარნენ მოსახლეობას,"_თქვა ნაკაშიძემ.
კიდევ ერთმა გარემოვაჭრემ, რომელმაც "გურია ნიუსთან" საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნა, რომ მან სადგურის მოედანზე მდებარე ბაზრობა მაღალი ყოველდღიური გადასახადისა და დაბალი შემოსავლის გამო დატოვა.
"უკვე 10 წელია რაც ვვაჭრობ. ადრე "ვაგზლის" მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზრობაზე ვვაჭრობდი, მაგრამ შემოსავალი არ მქონდა, ამიტომ იქედან წამოვედი და ახლა აქ ვდგავარ. ვიცი კანონდარღვევაა, მაგრამ ბაზარში მაინც არ ვივაჭრებ, რადგან აქ ადგილში არაფერს ვიხდი, ბაზარში კი გადასახადი ყოველდღე 10 ლარამდე ადის. ამიტომ არ ვაპირებ მთელი ჩემი დღიური შემოსავალი ვინმეს გადავუხადო,"_აღნიშნა მან.
კიდევ ერთი გარემოვაჭრე "გურია ნიუსთან" ბაზარში სავაჭროდ გამოყოფილი ადგილის მაღალი გადასახადების შესახებ საუბრობს.
"სახლიდან ღვინო მომაქვს და ვყიდი. ზოგჯერ სამართალდამცავები მოდიან და გვშლიან. ბაზრობაზე შემომთავაზეს გადასვლა, რომ კანონიერად მევაჭრა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ყოველდღიურად მაღალი თანხაა გადასახდელი. ამიტომ ხან აქ მოვდივარ, ხან სადმე სხვაგან, რომ როგორმე პურის ფული ვიშოვო,"_ამბობს სამგორის მეტროსთან მოვაჭრე ქალბატონი.
როგორც ცნობილია, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ე.წ. შიდა მოვაჭრეებმა 21 აპრილს საპროტესტო აქცია გაიმართეს.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. საპატრულო პოლიცია გზის გახსნას შეეცადა, რა დროსაც წინააღმდეგობის გაწევის გამო 5 პირი დააკავეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის პატიმრობაში აქციის ორი მონაწილე რჩება, რომელთა სასამართლო პროცესი 27 აპრილსაა ჩანიშნული.
გავრცელებული ინფორმაციით, მერია უკვე მუშაობს საკითხზე, რომლის მიხედვითაც გარევაჭრობას ორგანიზებული სახე მიეცემა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბაზრობის ადმინისტრაცია მზად არის გარე მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე გადასახადის გარეშე ამუშაოს.
ამავე თემაზე
გარევაჭრობა ძველი და სახეშეცვლილი პერსონაჟებით
ოზურგეთელი გარემოვაჭრის "არჩევანის" ისტორია
ლანჩხუთში ბაზრის მოვაჭრეები გარეთ გამოვიდნენ
რატომ აკრძალა ქალაქ ოზურგეთის მერიამ გარევაჭრობა
"მაღაზიის მეპატრონეებმა გაითვალისწინეს გაფრთხილება და გარევაჭრობა შეწყვიტეს"
ლანჩხუთში გარევაჭრობა იკრძალება
გარემოვაჭრეების პროტესტი ქალაქ ოზურგეთში
ლანჩხუთში გარევაჭრობა ისევ აქტუალურია