ამ საკითხების გარკვევას “გურია ნიუსი” “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერთან, თინა ხიდაშელთან შეეცადა: “უიმედობა, ადამიანებისადმი უპატივცემულობა და ზოგადად ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა მაძლევს სწორედ იმის თქმის საფუძველს, რომ ოქტომბერში ქართული საზოგადოება შეცვლის ამ ყველაფერს. ერთის მხრივ, ეს და მეორეს მხრივ არის იმედი, რომელიც გაჩნდა ამ ქვეყანაში. მე სულ დავდივარ რაიონებში და ვხედავ საზოგადოების განწყობას. მცხეთიდან ლაგოდეხამდე, სადაც არ უნდა ჩახვიდე და თუნდაც, ხულომდე, ადამიანები ყველგან ერთნაირი განწყობითა და უკეთესი მომავლის იმედით გვხვდებიან,” _ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას თინა ხიდაშელმა.
_ 27 მაისი იქნება ამ განწყობისა და მომავლის იმედის შემაჯამებელი ტესტი, რაზედაც თქვენ საუბრობთ?
_ რა თქმა უნდა, ეს იქნება ტესტი, ოღონდ თბილისის მასშტაბით.
_ რეგიონებიდან არ ელოდებით მხარდამჭერებს?
_ არა, ჩვენ არ ვაპირებთ ხალხის ორგანიზებულ ჩამოყვანას რეგიონებიდან. თუ ვინმეს ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდება, კი ბატონო, არავის ვაჩერებთ.
მაგრამ, პირველი ეტაპი არის კამპანიის გახსნა თბილისში და შემდეგ უკვე სხვა საკითხებსაც მივხედავთ. ჩვენ ისედაც დავდივართ რეგიონებში და ვხვდებით მოსახლეობას, მაგრამ ოფიციალური სტარტი მაინც დედაქალაქიდან გვინდა ავიღოთ, რაც ჩემი აზრით, ნორმალურია. განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება ყოველდღიურად ებრძვის დედაქალაქს. თბილისი ყველაზე მეტად დაჩაგრულია ამ ხელისუფლების პირობებში.
_ რატომ? რეგიონებში ფიქრობენ, რომ ყველაზე მეტად ისინი არიან დაჩაგრულები.
_ მე ვგულისხმობ, რომ პოლიტიკურად არის თბილისი დაჩაგრული, რადგან ის მუდმივი შეტევის ობიექტია. სააკაშვილის ნებისმიერი გამოსვლა შეგიძლიათ აიღოთ და ნახავთ, რომ ის ყველგან თბილისს ლანძღავს.
ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ხმამაღლა და არაორაზროვნად ითქვას, რომ აქ, ამ ქალაქშია დედაქალაქი და პოლიტიკური ცენტრი. ყოველთვის ასე იყო _ როდესაც თბილისი დაპყრობილი იყო, მაშინ საქართველოს ყოველთვის უჭირდა და პირიქით. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ისიც გასაგებია, რატომ ეზიზღება მიშას თბილისი.
_ რატომ უნდა ეზიზღებოდეს? რეზიდენცია ხომ სწორედ თბილისში აქვს?
_ ამ ქალაქმა მას ისეთი სერიოზული სილა გააწნა 2008 წლის 5 იანვარს, რომ დღემდე ვერ მოუნელებია და მისი ზიზღიც თბილისისადმი სწორედ აქედან მოდის.
_ თქვენ საკმაოდ კარგად იცნობთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მათი მუშაობის სპეციფიკასაც. ამ ეტაპზე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი დუმილის უფლებას ინარჩუნებენ. ხომ არ იცით, რის მომასწავებელია ეს დუმილი?
_ პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ნაცმოძრაობის ახალ სახეებს მე არ ვიცნობ. რაც შეეხება მათ დუმილს, სალაპარაკო არაფერი აქვთ გარდა იმისა, რომ იყვირონ ბოლო ხმაზე.
ამის ერთ თვალსაჩინო მაგალითს მოგიყვანთ _ საკრებულოს სხდომაზე, სადაც 3 მილიონი ლარი გამოყვეს წყალდიდობით დაზარალებულთათვის, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ისტერიულად მიკიოდა, რატომ თქვი “მაესტროზე”, რომ არხების აღდგენითი სამუშაოებისთვის 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილიო. პასუხის გაცემის საშუალებაც კი არ მომცა, რადგან ზუსტად იცოდა, რა პასუხსაც გავცემდი. მისი ამოცანა ის იყო, როგორმე გადაეფარა ჩემი ხმა. ამას მოახერხებს როგორღაც, რადგან არსებობს ფიზიკური მონაცემები ხმის იოგების უპირატესობის შესახებ. უბრალოდ, ამ აგრესიით ცდილობენ, რომ პრობლემები რეალური ჭრილიდან გადაიტანონ ისტერიასა და ემოციებზე. რამდენიც ხმა ამოვიღე, ეს ყვირილი გააძლიერეს და შემდეგ, მისმა ერთმა ხმამ რომ ვერ მოახერხა პრობლემის მოგვარება, კიდევ სამი აყვა და სამივე ყვიროდა ერთად.
_ 27 მაისს, არ არის გამორიცხული პროვოკაცია, არც რაიმე სახის ზეწოლები. რა მექანიზმები გაქვთ თქვენი მხარდამჭერების დასაცავად?
_ არანაირი მექანიზმი არ არსებობს, როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო ხელისუფლება გყავს. ერთადერთი ძალა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის საზოგადოების მხარდაჭერა და მოსახლეობა, რომელიც მოტივირებული და მომზადებულია. ჩვენ მოსამზადებელ შეხვედრებს ვმართავთ აქტივთან და მარტო ღია მხარდამჭერების აქტივმა 35 000 ადამიანი შეადგინა მხოლოდ თბილისში.
ჩვენი მთავარი იმედი ასეთი უამრავი ადამიანია და შევეცდებით ძალიან ორგანიზებულად შევხვდეთ ამას. აბსოლუტურად ყველა მექანიზმს ჩავდებთ რაც კი ადამიანის გონებას მოუგონია, რომ ყველაფერი წარიმართოს მშვიდობიანი გზით. დანარჩენი უკვე ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული.
_ თქვენი ამერიკაში ვიზიტის პერიოდში, გავრცელებული ინფორმაციებით ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მთელი ამერიკა ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს. რეალურად რა პოზიციები აქვს ივანიშვილს ამერიკის პოლიტიკურ წრეებში?
_ არა, მასე ნამდვილად არ არის. აქ არის ორი ტიპის ამბავი: ერთი ის, რომ დასავლეთში მიშა სააკაშვილის შესახებ რაიმე კითხვები და მოსაზრებები აღარ არსებობს. მათ უკვე ჩამოყალიბებული აზრი აქვთ და ძალიან კარგად იციან რა კატეგორიის პოლიტიკურ ლიდერთან აქვთ საქმე. და მეორე _ მთავარი ყურადღება მიპყრობილი აქვთ ახალი პოლიტიკურ ძალისკენ. ამიტომაც არის 27 მაისი მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის. ყველამ უნდა დაგვინახოს, ყველამ უნდა დაგვითვალოს და ყველამ უნდა გაათვითცნობიეროს, რომ მოდის აბსოლუტურად მშვიდობიანი, კონსტრუქციული ძალა პოზიციური მუხტით, რომელსაც ამ ქვეყნის გადარჩენა უნდა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის არის მოტივირებული. მორჩა, წერტილი, მეტი არაფერი.
ამერიკელებს ჩვენთან ძალიან ბევრი კითხვა აქვთ და ბევრი რამ აინტერესებთ, საინვესტიციო პოლიტიკიდან დაწყებული, დამთავრებული რუსეთთან ურთიერთობითა და კონფლიქტების თემით. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ ეს ინტერესი დავაკმაყოფილოთ და ეს აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია, რადგან საუბარია ადამიანზე, რომელსაც ჩვენც არ ვიცნობდით საქართველოში. სულაც არ არის გასაკვირი, რომ მის პოლიტიკურ შეხედულებებს დასავლეთში არ იცნობდნენ და ყველაფერი აინტერესებდეთ მის შესახებ. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ეს არის ახალი ძალა, ეს არის მომავალი და ის ძველი, რაც იყო, დამთავრდა, სულ მალე აღარ იქნება. ახლა, ყველა იმედით შეყურებს ახალ ძალას შინ და გარეთ. ჩვენ, ეს იმედი, რა თქმა უნდა, უნდა გავამართლოთ და ასეც იქნება!