საარჩევნო კოდექსის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ მიაწოდოს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემები მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით გადაეცა.
სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის 1 მაისის მდგომარეობით გადაცემულ სიაში 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. გადაცემულ სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები, სულ 30 298 პირი).
პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის დახვეწისა და დაზუსტების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო, უკვე მეოთხე წელია, გამუდმებით მუშაობს.
„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“ 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში, ხარისხიანი საარჩევნო სიის შესადგენად გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა.
საარჩევნო კოდექსში 2014 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ამომრჩეველთა სიის ერთ-ერთი დამატებითი რეკვიზიტია ამომრჩევლის ფოტოსურათი. შედეგად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო უბნებზე კვლავ ფოტოსურათიანი სიები ექნება. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი.
კერძოდ, 1 500 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ახალი ბიომეტრიული დოკუმენტი, რომელთაგან 750 000 პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, უფასოდ გაიცა. დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდენენ როგორც დოკუმენტის, ასევე ფოტოსურათის საფასურისაგან. მხოლოდ ამ ერთმა მასშტაბურმა ღონისძიებამ 2016 წლის არჩევნებისთვის 2 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, გაუყალბებელი ბიომეტრიული მონაცემი მოგვცა.
2016 წლის 15 თებერვლიდან დღესაც მოქმედებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, საფასურის გარეშე იღებენ პირადობის მოწმობას ის პირები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი საბუთი და ამიტომ არ არიან საარჩევნო სიაში, ან მოხსნილნი არიან რეგისტრაციიდან და ამიტომ ვერ ხვდებიან საარჩევნო სიაში, ანდა სააგენტოს ბაზებში არ არსებობს მათი ფოტო ან არსებული ფოტო უხარისხოა, რაც გამორიცხავს საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის იდენტიფიკაციას. ამ აქციით დღემდე 61 979 პირმა ისარგებლა.
„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“, რომელიც 2016 წლის სექტემბრის ბოლომდე იმუშავებს, მიზნად ისახავს: სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.
2015 წლის ოქტომბრიდან დღემდე, პროექტის ფარგლებში, სპეციალური პროგრამის მეშვეობით განხორციელდა გარდაცვლილ და არასრულწლოვან პირთა ფოტოსურათების დადარება ყველა სრულწლოვანი პირის სურათთან, რაც მონაცემთა ბაზაში სავარაუდო გაორებების აღმოფხვრას ისახავდა მიზნად (ერთმანეთთან დადარდა 1 647 129 მონაცემი; აღმოიფხვრა 481 გაორება); იუსტიციის მინისტრის 15 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, საფასურის გადახდის გარეშე გაიცა 61 000-ზე მეტი პირადობის მოწმობა იმ პირებზე, ვინც მანამდე რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლებოდა ან საერთოდ არ ჰქონდა არანაირი საბუთი; გამოვლენილ იქნა დაურეგისტრირებელი გარდაცვალების ფაქტები და ისინი დარეგისტრირდა (210 ფაქტი); შემცირდა ბაზაში არსებული, უსურათო და უხარისხო სურათების მქონე მონაცემები (აღდგენილია 1 554 ფოტოსურათი); შესწორდა მოქალაქის სახელიდან გამომდინარე (მაგ. სულიკო, საშა და სხვ.) სქესის აღმნიშვნელ გრაფაში არსებული შეცდომები (112 მონაცემი) და სხვ.
მონაცემთა დაზუსტება, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებთან შინ მისვლის შედეგად განხორციელდა. სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები თავად მიდიოდნენ იმ ამომრჩევლებთან, რომელთა მონაცემებიც სააგენტოს ბაზებში გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა. ისინი მოქალაქეებს ადგილზევე უღებდნენ ბიომეტრიულ ფოტოს, ატარებდნენ შესაბამის პროცედურებს და, 15 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, პირადობის მოწმობას უსასყიდლოდ გასცემდნენ.
„საარჩევნო სიების სრულყოფის” პროექტი 2016 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება და, ზემოაღწერილი აქტივობების პარალელურად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების არქივების დიგიტალიზაციას დაასრულებს. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სერვისების განვითარების სააგენტო, 15 ივლისს, პოტენციურ ამომრჩეველთა სიას ცესკო-ს კიდევ ერთხელ გადასცემს.
ამ პერიოდში, აუცილებელია, რომ იმ ამომრჩეველმა, რომელსაც არ აქვს არც პირადობის მოწმობა და არც ბიომეტრიული პასპორტი (სავარაუდოდ 64 600 პირი) ან მოხსნილია რეგისტრაციიდან და შეჩერებული/გაუქმებული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედება (სავარაუდოდ 98 727 პირი), მიმართოს იუსტიციის სახლებს, სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს, მიიღოს უფასოდ პირადობის მოწმობა და ამ გზით აღადგინოს თავი საარჩევნო სიაში.
რაც შეეხებათ იმ პირებს, ვინც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები), მათ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მეორე პუნქტი „ე“ ქვეუნქტი და მე-5 მუხლის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს.
„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“, 2016 წლის 26 მაისიდან ახალ კომპონენტსაც შეიძენს. კერძოდ, 26 მაისიდან 26 ივნისამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით პირადობის მოწმობის აღება იქნება უფასო, რაც პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს.
„2015 წლის ოქტომბრიდან მოქმედი „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ საქართველოს, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხარისხიანი საარჩევნო სია ექნება“ _- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.