ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ხმლით ფარიკაობაში!
სანდრო ბაზაძემ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ასევე მაღალ დონეზე ჩაატარა გადამწყვეტი შეხვედრები. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:13 დაამარცხა რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი, ფინალში კი ხუთქულიანი უპირატესობით აჯობა იტალიელ ფრანჩესკო დ'არმიენტოს – 15:10.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე მესამედ გახდა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. მან ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2013 და 2014 წლებშიც მოიგო.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაზაძემ ახლახანს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციასთან ერთად აგვისტოში ოლიმპიადაზე იასპარეზებს.