პრემიერ-მინისტრის ფოტოს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის სამების ტაძარში ლოცვას ასახავს, სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
"მუხლებზე დაცემულ პრემიერ -მინისტრს როცა ვუყურებ, არ მიმაჩნია ეს მისი რელიგიის თავისუფლების გამოხატულებად, არამედ მიმაჩნია სპეკულარიზმის კრიზისად, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება მლიქვნელურად ემორჩილება საეკლესიო ხელისუფლებას (მლიქვნელურად იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას სურს, იყოს ავტონომიური და არ ემორჩილებოდეს მეორეს).
რა თქმა უნდა, ადამიან გიორგი კვირიკაშვილს აქვს სრული უფლება, იყოს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი და ჩოქვით შემოიაროს ნებისმიერი სამლოცველო, მაგრამ საქართველოს პრემიერ -მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს არც ერთ ეკლესიაში, რადგან ის სახელმწიფო ხელისუფალია," _ ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს "ქალთა მოძრაობის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია, რომელსაც ბევრი ცნობილი სახე დაეთანხმა.
პრემიერის კრიტიკოსებს სოციალურ ქსელით უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ:
"ტაძარში, ლოცვისას რატომ დაიჩოქაო… და მთავრობის სხდომაზე ხომ არ დაიჩოქა?! ეკლესია ის ადგილი არაა, სადაც სანთელსაც ანთებ, ლოცულობ და იჩოქებ კიდეც?! იქ ყველა თანაბარია, იქ არც პრემიერი ხარ და არც პრეზიდენტი, იქ ადამიანი ხარ, ცოდვილი და ჩვეულებრივი მოკვდავი!
იქნებ ადამიანად ყოფნის უფლებაც წავართვათ პრემიერს?!
ერთხელ ხომ წავართვით, როცა წინა დღით დედა დაკრძალა და მეორე დღეს პარლამენტში დავიბარეთ!
მოვიდა და იდგა, როგორც სალი კლდე! საუბრობდა ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე, მათ პრობლემებზე, სამთავრობო პროგრამაზე და არა პირად, ძალიან მძიმე ადამიანურ ტრაგედიაზე!
აი, ასეთია პრემიერი, მას შეუძლია ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, პირადი გვერდზე გადადოს და ქვეყანაზე და საქმეზე იფიქროს. ხოდა, ტაძარში მაინც ნუ დავუშლით ადამიანად ყოფნას, ეს უსამართლო კრიტიკაა და უბრალოდ, სირცხვილია!" _ წერს კობახიძე.