პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მას არ ახსენდება არც ერთი ფაქტი, როდესაც სამართალდამცველთა მიერ შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება არ დაიწყო.
"სახალხო დამცველი არ ამბობს, რომ გამოძიება არ ხდება. ანგარიშში ის ამბობს, რომ გამოძიების შედეგები არ არის მისთვის ცნობილი. ჩვენ ვაკვირდებით მომხდარი მსგავსი ფაქტების დროს გამოძიება იწყება და მიმდინარეობს თუ არა. მე არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, რაც ჩვენთვის არის ცნობილი. შესაძლებელია იყოს სხვა ფაქტები, რაზეც გამოძიება არ დაიწყო და ჩვენთვის არ არის ცნობილი. ვაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას, რომ შედეგი დადგეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვიყოთ, როდესაც ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ იქნება ძალადობა", _ აღნიშნა ბესელიამ და დასძინა, რომ გამოძიება იწყება ყველა ფაქტზე, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან და ახლა მნიშვნელოვანია შედეგი დადგეს, ვინაიდან დაუსჯელი ფაქტი, შემდგომი დანაშაულებების წახალისებაა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილი ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები გაიზარდა.
თუმცა, გამოძიების არაეფექტურად წარმართვაში სახალხო დამცველს არც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ეთანხმება.
სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება.