პორტუგალიელმა სამართალდამცავებმა ევროპოლის მხარდაჭერით, რუსული თაღლითური დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE MOSCOW TIMES ავრცელებს.
გამომძიებლების განცხადებით, დამნაშავეები ოფშორული კომპანიების რეგისტრაციის მეშვეობით საფეხბურთო კლუბების რეალური მფლობელები გახდნენ, თუმცა, ამ დროისთვის მათი დამფინანსებლის ვინაობა უცნობია.
როგორც ცნობილია, საფეხბურთო კლუბების შეძენის შემდეგ ისინი მათ ფულის გასათეთრებლად იყენებდნენ.
ევროპოლის ინფორმაციით, არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ჯგუფი ჩართული იყო ფულის გათეთრებაში, საგადასახადო კორუფციასა და დოკუმენტების გაყალბებაში.
ევროკავშირის სამართალდამცავი ორგანიზაციის ინფორმაციით, დაჯგუფება თაღლითურ საქმიანობას 2008 წლიდან ეწეოდა.
როგორც ცნობილია, ოპერაციაში, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 70 პორტუგალიელი სამართალდამცავი მონაწილეობდა, რომლებმაც 22 რეიდი სახლებსა და კომპანიებში განახორციელეს. მათ ასევე ოთხი საფეხბურთო გუნდი გაჩხრიკეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ თაღლითურ დაჯგუფებას ავსტრიაში, ესტონეთში, გერმანიაში, ლატვიაში, მოლდოვასა და ბრიტანეთში ჩადენილ მსგავს დანაშაულებთან კავშირი აქვს.