ევროპარლამენტმა თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საკანონმდბელო ინიციატივაზე მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Euobserver-ის ინფორმაციით, ნიდერლანდების მწვანეთა პარტიის წევრმა, ევროპარლამენტის დეპუტატმა ჯუდით სარგენტინიმ განაცხადა, რომ თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის განხილვის პროცესი ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა შეაჩერა, რადგან თურქეთს ყველა მოთხოვნა არ აქვს დაკმაყოფილებული. საუბარია ვიზალიბრალიზაციის 72-პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ანკარას სრულად არ აქვს შესრულებული.
გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის დეპუტატმა მონიკა ჰოლმაიერმა განაცხადა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ანკარას მიერ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებამდე არამართლზომიერი და პოლიტიკურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება.
თურქეთის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მონაცემთა დაცვას, ევროკავშირის წევრებთან სასამართლო სფეროში თანამშრომლობას, ევროპოლთან თანამშრომლობის გაფართოებას, ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა ითვალისწინებს. თუმცა გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ, ანტიტერორისტული კანონმდბელობის შეცვლას არ აპირებს.
ევროკომისიამ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა 4 მაისს წარადგინა, თუმცა ანკარას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დარჩენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოსთხოვა. ევროპარლამენტის დამტკიცების გარეშე ევროკავშირი თურქეთს სავიზო რეჟიმს ვერ გაუუქმებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის მიერ პროცესის შეჩერებამდე ცოტა ხნით ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ოქტომბრის ბოლომდე მიიღებს.
"ვიმედოვნებ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები პირობას შეასრულებენ და ყველაზე გვიან – ოქტომბერში ამ საკითხს დაასრულებენ", – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას. მანამდე თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ანკარა მიგრაციული შეთანხმების შესრულებაზე უარს იტყვის, თუ ევროკავშირი სავიზო რეჟიმს ივნისში არ გააუქმებს.