"აღარ არის პოლიტიკაში არც უმეცრების, არც უსინდისოების ადგილი, ისინი მაინც იქნებიან, მაგრამ შევეცადოთ, რომ ისინი იყვნენ უმცირესობაში" _ აღნიშნულია "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადებით ცნობილი ხდება, რომ ბურჭულაძე პოლიტიკაში მოდის და ახალ მოძრაობას ქმნის:
"ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში! ჩვენთან ერთად მსოფლიოს წარმატებული ადამიანები ქმნიან ჯგუფებს ჩვენს დასახმარებლად და თქვენ მათ იხილავთ! ჩვენ ემიგრაციაში წასული ქართველები გვიკავშირდებიან და დახმარებას აღგვითქვამენ და თქვენ იხილავთ მათ!
და ჩვენ ველით ყველას, ვინც პირველ რიგში არის პატიოსანი და კვალიფიციური, რომ შემოუერთდეს ჩვენს გუნდს. თქვენ, კვალიფიციურო და პატიოსანო ადამიანებო, შემოგვიერთდით, ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ორ ნაწილად!
რას გპირდებით? _ ბრძოლას! ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“! _ აღნიშნავს ბუჭრულაძე.