პაატა ბურჭულაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა დღეს დაანონსა და საზოგადოებას დაპირდა, რომ მი8ს გუნდში პატიოსანი და კვალიფიციური კადრები იქნებიან:
„აღარ არის პოლიტიკაში არც უმეცრების, არც უსინდისოების ადგილი, ისინი მაინც იქნებიან, მაგრამ შევეცადოთ, რომ ისინი იყვნენ უმცირესობაში.
ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში! ჩვენთან ერთად მსოფლიოს წარმატებული ადამიანები ქმნიან ჯგუფებს ჩვენს დასახმარებლად და თქვენ მათ იხილავთ! ჩვენ ემიგრაციაში წასული ქართველები გვიკავშირდებიან და დახმარებას აღგვითქვამენ და თქვენ იხილავთ მათ!
და ჩვენ ველით ყველას, ვინც პირველ რიგში არის პატიოსანი და კვალიფიციური, რომ შემოუერთდეს ჩვენს გუნდს. თქვენ, კვალიფიციურო და პატიოსანო ადამიანებო, შემოგვიერთდით, ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ორ ნაწილად!
რას გპირდებით? _ ბრძოლას! ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“! _ აღნიშნავს ბუჭრულაძე.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ჩოხატაურში ბურჭულაძის პარტიის ხელძღვანელად მამუკა დოლიძე მოიაზრება _ მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი.
დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური თანამოაზრე და მხარდამჭერი იყო, რომელსაც თანამდებობა ბახმაროს მიწების სკანდალის გამო დაატოვებინეს.
თუმცა, ფორმალურად _ რადგან მას მაშინვე შეუქმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია _ "გურიის განვითარების სააგენტო", რომლის დამფუძნებლებიც გუბერნიის და გამგეობების მაშინდელი მაღალჩინოსნები იყვნენ და რომელიც ბიუჯეტიდან მსუყედ ფინანსდებოდა.
მამუკა დოლიძე იყო ის ჩინოვნიკი, რომელიც მეტად ტრაგიკომიკურად დაამახსოვრდა მთელ საქართველოს (და არა მარტო საქართველოს _ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, რომლებსაც ქართულ მედიასთან შეხება ჰქონიათ და აქვთ, ამ ფაქტს იმდროინდელი საქართველოსთვის "ქრესტომათიულად" მიიჩნევენ, მაგალითად მოჰყავთ, ტრენინგებზე დამსწრეთ აცნობენ!): "გურია ნიუსი" ჟურნალისტების მიმართ გახორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო (სხვათა შორის, ამის გამოც ჯერჯერობით არავინ დასჯილა!) ჩოხატაურში სტუდია "GNS"-ის გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა (ყველას კარგად ახსოვს, როგორი ინტერესით ელოდა საზოგადოება ნანა ლეჟავას "კვირის რეპორტაჟებს") "გურია ნიუსის" მხარდასაჭერად და სიუჟეტის მოსამზადებლად.
დოლიძე, რომელიც არც კი დაინტერესებულა, თუ რა მოხდა პოლიციის შენობაში, სადაც რესპუბლიკლი, თანაც მძიმე ავადმყოფი ახალგაზრდა მამუკა ცინცაძე სრულიად უმიზეზოდ, განსხვავებული შეხედულებების გამო დაიჭირეს, მის საშველად მისული ჟურნალისტები კი ცემეს, სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტი უნდა ყოფილიყო.
"მაესტროსა" და "კავკასიის" ოპოზიციურობის გამო გაჯიუტებული დოლიძე ჟურნალისტმა თეონა გეგელიამ კომენტარის გაკეთებაზე დაითანხმა, მიკროფონიც დაუმაგრეს, მაგრამ დოლიძე "უფროსობამ" გამოიძახა და მიკროფონდამაგრებული გამგებელიც "უფროსთან" სასაუბროდ მეორე ოთახში გავიდა. მას ჟურნალისტების კაბინეტიდან გაყრა მოთხოვეს და კარგადაც შეახურეს, რომ კომენტარის მიცემას აპირებდა.
დოლიძემაც მონურად ქართულ ჟურნალისტებს დედის პრო..ის "დახურვა" აღუთქვა და "ნაჩალნიკს" კაბინეტიდან სასწრაფოდ მათი გაყრის პირობა მისცა…
თუმცა, კაბინეტში დაბრუნებულმა საკუთარი დედის ავადმყოფობის მომიზეზებით, ინტერვიუ ჩაშალა.
არადა, მთელ ამ საცოდაობას გამგებლის მკერდზე დაბნეული მიკროფონი იწერდა და მერე მთელი საქართველო ისმენდა!
დოლიძის სიუჟეტმა ყველა დამოუკიდებელი ტელევიზია, ყველა გადაცემა მოიარა, მნახველთა ყველა რეკორდი მოხსნა და დღემდე "ქართულ ნაციონალურ" მედიაჰიტად ითვლება!
ამ ფაქტს დოლიძე დღეს შეცდომად აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნების უფლება აქვს:
_ შემოთავაზება იყო, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას დოლიძე.
_ ბატონო მამუკა, პოლიტიკაში დაბრუნება იმ ბეგრაუნდით, რაც თქვენ გქონდათ უხერხულობას არ გიქმნით?
_ მაინც რა?
_ მაგალითად, ჟურნალისტების გინება დამაგრებულ მიკროფონში…
_ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო და იმ ადამიანებს აქვთ ეს ბეგრაუნდიც. მერე რა…
_ ანუ, ეს არ არის ის ლაქა პოლიტიკისთვის, რომელიც ამომრჩეველზე იმოქმედებს?
_ გარკვეულწილად არის, მაგრამ შეცდომა ყველას მოსდის, _ ამბობს დოლიძე და ჯერჯერობით პოლიტიკაში დაბრუნების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს.